გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 267 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 250 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 240 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 85 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 46 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 5 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი - სხვა დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 - მცხეთა-მთიანეთში, 200 - აჭარაში, 184 - იმერეთში, 176 - შიდა ქართლში, 146 - სამცხე-ჯავახეთში, 130 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 - გურიაში, 2 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.

ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.