თსუს სტუდენტები და სპორტსმენები უკრაინის დასახმარებელ აქციას შეუერთდნენ

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ უკრაინელი ხალხისთვის თსუ-ს სტუდენტების მიერ გამართულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას შეუერთდა.

გუნდის წევრებმა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ცენტრში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები მიიტანეს.

თსუ-დან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი, საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით, უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ჰუმანიტარული დახმარების აქციასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულია ბანერი უკრაინის დროშის ფერებში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია უკრაინის მხარდამჭერი წარწერის გაკეთება.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გასულ კვირას დაიწყო.

ამასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თსუ-ში სწავლობენ და იმყოფებიან საქართველოში, საერთო საცხოვრებლით უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ და, ამავე დროს, 2021-2022 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია.

აგრეთვე, ყველა იმ უკრაინელ სტუდენტს, რომელიც დასასვენებლად იმყოფებოდა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ გაემგზავრა სამშობლოში, თსუ უფასოდ სთავაზობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.

საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს თსუ-ს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ შეეძლებათ. ასევე, თსუ სთავაზობს უკრაინის ყველა მოქალაქეს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელსაც უნივერსიტეტის კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.