როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

ზამთარი გურიაში

საქართველოში წელს ზამთარი, განსაკუთრებით კი მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, თოვლიანი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ნოემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატური ნორმის ფარგლებში შენარჩუნდება, თუმცა ნალექების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნოემბერი საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ თვე შედარებით თბილი ამინდით დაიწყო, უახლოეს დღეებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი. ნალექიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ქვეყანაში შედარებით გამოიდარებს.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, არსებული კლიმატური პროგნოზის მიხედვით, საქართველოში თოვლიანი ზამთარია მოსალოდნელი, განსაკუთრებით ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

✕