პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,ჩემი პროგნოზი ასეთია: პუტინი უკრაინაში შეიჭრება 23 თებერვალს, საბჭოთა არმიისა და ფლოტის დღეს...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია წერს.
,,ამას მოჰყვება და აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოჰყვეს დასავლეთის მხრიდან უმკაცრესი და უმძიმესი სანქციები პუტინის რეჟიმის მიმართ...და თუკი ეს სანქციები ამერიკის, ბრიტანეთის, ნატოს და ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულად და სწორად გატარდება, ეს უმოკლეს ხანში უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდებს რუსეთს და შესაძლოა თავად მისმა უახლოესმა გარემოცვამ (ყველამ ვიხილეთ პუტინის და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფის, ნარიშკინის აზრთა სხვადასხვაობა უშიშროების საბჭოს სხდომაზე) და პლიუს დასავლეთის ბანკებში ანგარიშგაყინულმა ოლიგარქებმა კრემლის შიდა გადატრიალებით მოიშორონ პუტინი (რაც საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ მომხდარა კრემლის კედლებში), თუკი ეს უკანასკნელი მანამდე ატომური ბომბის გასროლას ვერ მოასწრებს და იმედი მაქვს, რომ "ვერც მოასწრებს"...
P.S. სრული სერიოზულობით - პუტინი საღ აზრზე აღარაა, ეს დღეს აშკარად გამოჩნდა, გაბერილი აქვს რეალურად“, - წერს შენგელია.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:
ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.
პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.