რუსეთთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის სავარაუდო თარიღი დასახელდა

შეხვედრა ბელარუსში

„რუსეთთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეიძლება 5 ან 6 მარტს გაიმართოს“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები კვლავ ბელარუსში გაიმართება, ვინაიდან რუსული მხარე პროცესში ნებისმიერი სხვა შუამავალი ქვეყნის ჩართვაზე უარს ამბობს.

„შესაძლოა, მომავალში ეს იყოს სხვა ქვეყანა - თურქეთი, უნგრეთი ან პოლონეთი, ვინაიდან ბელარუსი ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის პლაცდარმის სახით გამოიყენება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებზე „ძალის პოზიციიდან ვერ ესაუბრება“.

„კონსტრუქციული გარემო იყო, იმიტომ რომ ძალის პოზიციიდან ვერ გვესაუბრებიან. ვილაპარაკეთ, იყო პრეტენზიები მათი მხრიდან, ჩვენ საკუთარი პრეტენზიები გავაცანით. ჩვენ რუსეთს არ ვენდობით და ამიტომ გვსურს, რომ პასუხისმგებლიანი საერთაშორისო შუამავალი გვყავდეს. მივყვებით იურიდიულ პროცედურებს და ყველა დარღვევას დავაფიქსირეთ“, - ამბობს პოდოლიაკი.