პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-უკრაინა ომის ზღვარზეა. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ აქტიურად მსჯელობს.
ცოტა ხნის წინ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენმა საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ასევე, მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ამერიკა სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფად და მტკიცედ უპასუხებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას. უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ, ლიდერები დიპლომატიის გაგრძელებისა და შეკავების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.
სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი და ლვოვი და ოდესა - უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის არმიას აქვს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პარალელურად, კიევი მოსკოვისგან ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეხვედრას ითხოვს, რათა განიხილოს უკრაინის საზღვარზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო ქმედებები. ამასთან, დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სამუშაო ვიზიტით დღეს უკრაინას ეწვევა.
გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.
„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, იქნება მკაცრი სანქციები, რომელიც გულმოდგინედ მოვამზადეთ და შეგვიძლია დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ ნატოსა და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, - განაცხადა შოლცმა.
უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, სამშაბათს, ოლაფ შოლცი რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ამ დრომდე როგორც უკრაინაში, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავენ.
პირველის თანახმად, რუსეთი გამარჯვების მოპოვებას დაშინების გზით ცდილობს;
მეორე სცენარის მიხედვით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ შეიჭრება, რაც საოკუპაციო არეალის გაფართოებასა და დონბასის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს.
მესამე სცენარით პირდაპირ კიევზე დარტყმა და ქვეყნის სრული ოკუპაციაა გათვალისწინებული.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“.
ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მურაევმა აღნიშნა, რომ ,,კომენტარის გასაკეთებელი აქ არაფერია“ და რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსული სანქციები დაკისრებული.
ბოლოდროინდელი განცხადებები:
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთის საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის ზომებს გამოიყენებენ.
„რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება - და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ,“- აღნიშნა ბაიდენმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არ მიიჩნევს, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია.
„უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის გამო, ევროპა საკმაოდ სახიფათო სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, იმის არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ანალენა ბერბოკის თქმით, ევროპის შუაგულში სამხედრო კონფლიქტი ყველასათვის საშინელი პერსპექტივაა.
„დასავლეთი მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, თუმცა თუ კონფლიქტს თავიდან ვერ ავიცილებთ, რუსეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას სასწრაფოდ შეუდგეს.
„პრეზიდენტ პუტინს მივმართავ. უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი შეასუსტეთ. ჩვენთან ერთად ეძებეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა საფრთხის სერიოზულობას.
„აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის, ომის საფრთხის წინაშე ვართ. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მე მხოლოდ შემიძლია გავაფრთხილო პრეზიდენტი პუტინი, რომ არ ღირს დემოკრატიის ძალის სათანადოდ არ დაფასება“, - განაცხადა მან.
გერმანიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული ძალების რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია სხვაგვარად იყოს აღქმული.
„ეს საფრთხეა უკრაინისთვის. უკრაინის მოსახლეობას უფლება აქვს, შიშისა და საფრთხის გარეშე იცხოვროს. უკრაინის მოსახლეობას თვითგამორკვევის და სუვერენიტეტის უფლება აქვს. მათ, ვინც ამის განადგურებას შეეცდება, მტკიცე პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავებასა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამხედრო შეჭრის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ მოსკოვში უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული არ მოხდება.
ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, ნატო შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს.
„არის რაღაცები, რაზე მოლაპარაკება შეუძლებელია. ნატოს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის მძლავრ ტალღას განიცდის, რისთვისაც სოციალური ქსელები და მედია გამოიყენება.
„დღეს შიდა საინფორმაციო სივრცე უპრეცედენტო გავლენის ქვეშ იმყოფება. უკრაინა პანიკის სისტემური გამწვავების, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რეალური მდგომარეობის დამახინჯების მცდელობების წინაშე დგას. ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს აანალიზებენ და თითოეულ სცენარზე რეაგირების მკაფიო გეგმა აქვთ.
„ამავდროულად, ჩვენ კარგად გვესმის დღევანდელი საინფორმაციო ზეწოლის მოტივები: უკრაინულ საზოგადოებაში განგაშის დათესვა, სახელმწიფოს შესაძლებლობისადმი რწმენის შერყევა, ჩვენი ერთიანობის შელახვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჰიბრიდული ომის ამგვარ გამოვლინებებს სოციალურ ქსელებში, ზოგიერთ მედიასაშუალებასა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგრესორი ქვეყნის შესახებ ნარატივების გავრცელებაში აფიქსირებს. არა მხოლოდ ვაფიქსირებთ ამას, არამედ აქტიურადაც ვეწინააღმდეგებით ამგვარ გამოვლინებებს. თუმცა, ახლა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ყველა უკრაინელის დაბალანსებულ ქმედებებზე. ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ დავემორჩილოთ პროვოკაციებს. პანიკა და დესტაბილიზაცია სარგებელს მხოლოდ მტრებს მოუტანს. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და ნებისმიერი ინფორმაცია გადავამოწმოთ. იხელმძღვანელეთ ოფიციალური წყაროებით და არა ანონიმური მონაცემებით. ისწავლეთ სიმართლის ყალბი ინფორმაციისგან გარჩევა. უკრაინის სიძლიერე მხოლოდ ძლიერ არმიაში კი არა, არამედ თითოეული ჩვენგანის ერთიანობაშია. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავიცვათ უკრაინა, ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელებმა ევრომაიდანის გადატრიალება მოაწყვეს, გადააგდეს პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ.
კიევის ეს ქმედებები მოსკოვის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რამაც დესტაბილიზაციის ახალი ტალღების დაწყება გამოიწვია.
რუსულმა დაზვერვამ დონბასის რეგიონში ხელი შეუწყო ჯერ სამოქალაქო არეულობის წახალისებას, შემდეგ კი ომის დაწყებას. უკრაინაში ადრეულ ეტაპზე მიმდინარე ოპერაციებში ჩართული იყო რუსული სპეცდანიშნულების რაზმების 6 ჯგუფი, რომელთაც „მწვანე კაცუნებად” მოიხსენიებდნენ, რადგან სამხედრო უნიფორმებზე არანაირ ნიშანს ატარებდნენ, რითაც თავს არიდებდნენ კონვენციურ ომში ჩართვას. დონბასში ომის დაწყებამდე, მოსკოვმა, მწვანე კაცუნების დახმარებით, ყირიმის ანექსია შეძლო. ამჟამად, საინტერესო სწორედ ისაა, აპირებს თუ არა მოსკოვი უკრაინასთან კონვენციურ, ღიად გამოცხადებულ ომს.
მალევე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებმა კიევისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 2015 წელს უკრაინასა და რუსეთში შორის მინსკში დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც გრძელდება. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მარტის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, სამხედრო დაპირისპირებას 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.