"რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომზე უარს იტყვის" -  რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ექსპერტი

უკრაინა

მსოფლიოს უსაფრთხოების დღის წესრიგს საფრთხე ემუქრება - უცხოური გამოცემები პირდაპირ წერენ, რომ რიგი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან აცხადებს, რომ ამ საკითხის გამიზნულად გამწვავების პროცესი მიმდინარეობს, რადგან რეალურად, რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომზე უარს იტყვის.

„რუსეთისგან არაფერია გამორიცხული, მათ შორის, მოსალოდნელია უკრაინაში შეჭრა, მაგრამ ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ რუსეთი უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომზე უარს იტყვის. რუსეთი სინჯავდა დასავლეთის რეაქციას, რამდენად ის იქნებოდა მის მიმართ მომთხოვნი.

რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთი მზად არის, რომ მიაწოდოს შესაბამისი შეიარაღება უკრაინას, ასევე, განათავსოს დამატებითი საჯარისო კონტიგენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონში, რაც ხორციელდება კიდეც და პლუს, შემოიღოს დამატებითი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსეთი თავს შეიკავებს ფართომასშტაბიანი მოქმედებებისგან.

რუსეთი უპირატესობას მიანიჭებს, რომ გაზარდოს სამხედრო კონტიგენტი ყირიმში და ასევე, გააძლიეროს სეპარატისტების მხარდაჭერა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში“,- განაცხადა ჩიტაძემ.

რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის?

2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.