ვინ არის პრორუსი ლიდერი, რომლის „დანიშვნას“ კრემლი უკრაინაში გეგმავს

ევგენი მურაევი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. 

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მურაევმა აღნიშნა, რომ ,,კომენტარის გასაკეთებელი აქ არაფერია“ და რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსული სანქციები დაკისრებული.

„2018 წლის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები (ვიქტორ) მედვედჩუკთან კონფლიქტის გამო. ჩემს ოჯახს იქ დაყადაღებული აქვს აქტივები... როგორ შეესაბამება ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის ეს ინფორმაცია იმას, რომ თითქოს რუსეთს ჩემი „საოკუპაციო ხელისუფლების" ხელმძღვანელად დანიშვნა უნდა, ეს არის შეკითხვა მისტერ ბინისთვის", - მურაევის ამ სიტყვებს რუსელენოვანი მედია ავრცელებს. იქვე დაზუსტებულია, რომ რადის ყოფილი დეპუტატი გულისხმობს ბრიტანულ კომედიურ სერიალს "მისტერ ბინი" (ბატონი ბინი).

ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირს უამრავ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან. მათ შორის სერგეი არბუზოვთან, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერი იყო 2012-2014 წლებში და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს. ასევე ანდრეი კლუევთან, იანუკოვიჩის შტაბის უფროსთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან 2010-12 წლებში, ვლადიმირ სივკოვიჩთან,უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) თავმჯდომარის ყოფილ მოადგილესთან და მიკოლა აზაროვთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან 2010-2014 წლებში.

„ზოგიერთ მათგანს კონტაქტი აქვს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიური გზა აირჩიოს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა და დასძინა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა, სერიოზული ხარჯებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსკოვის მიმართ ლოიალური პირის მოყვანის მიზანი ამოძრავებს. 

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები, ანგლოსაქსების მეთაურობით, ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და შეისწავლოს თათარ-მონღოლების ბატონობის ისტორია“, - ТАСС-ს მოჰყავს რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებული კომენტარი.