რა ვიცით უკრაინელ როკ-ვარსკვლავზე, რომელმაც ომს ხელოვნება დაუპირისპირა - ყველაფერი სვიატოსლავ ვაკარჩუკზე

ვაკარჩუკი

„უკრაინელი როკ-ვარკვლავის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის სიმღერა „ბრძოლის გარეშე" რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად იქცა.  „არასდროს დავნებდები მტერს ბრძოლის გარეშე", - ომში მიმავალ ჯარისკაცებს უკრაინელები სწორედ ამ სიტყვებით ამხნევებენ. 


თავად სვიატოსლავმა იარაღად მიკროფონი აქცია და ომს ხელოვნება დაუპირისპირა. ის არის ყველგან, სადაც მისი დახმარება სჭირდებათ. სტუმრობს საავადმყოფოებს, ეხმარება უკრაინელ ჯარისკაცებს და არც ცხელ წერტილებში სიარულს ერიდება.7 მარტს ვაკარჩუკი ლვოვის ოლქის ტერიტორიულ თავდაცვის ბატალიონს შეუერთდა.
 
ხალხის შუაგულში პიანინოსთან მჯდარ სვიატოსლავს უკვე უწოდეს ომის ხელოვანი გმირი. 


 
„პატრიოტიზმი - უპირობო სიყვარულს ნიშნავს. ამიტომ, შეხედეთ უკრაინას ისე როგორც იმ მიწას, სადაც თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ. და ნახავთ - თავისით მოვა ცვლილების სურვილი“ ,- ამბობს ის.

 


 
|ვინ არის სვიატოსლავ ვაკარჩუკი

 

სვიატოსლავ ვაკარჩუკის ბიოგრაფია მუკაჩევოდან იწყება. მასწავლებლების ოჯახში დაბადებულ პატარა ბიჭს მშობლები წიგნის სიყვარულს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ. სვიატოსლავის მამას, ივანს რაღაც პერიოდის განმავლობაში უკრაინის განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.
 
სკოლაში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო კალათბურთით და თეატრალურ წარმოდგენებშიც ხშირად მონაწილეობდა. მუსიკის სიყვარული მემკვიდრეობით დედისგან ერგო, პირველად ვიოლინოსა და აკორდიონზე დაკვრა ისწავლა. 


 
თავიდან ფიქრობდა კარიერა თეორიტიკული ფიზიკის განვითარებისთვის მიეძღვნა, სწავლაც ამ მიმართულებით განაგრძო, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა აზრი მალევე შეაცვლევინა. 
 
ლვოვის უნივერსიტეტში სწავლისას ვაკარჩუკი ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფს „დუმილის კლანს“ შეუერთდა და მათთან ერთად კონცერტებს ხშირად მართავდა.  მოგვიანებით ცნობილი ბენდი „ოკეან ელზი“ სვიატოსლავმა სწორედ „დუმილის კლანის“ წევრებისაგან შექმნა. 

 

 

|უკრაინელი არტისტი და საქართველო



უკრაინელ მუსიკოსს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ის ჩვენს ქვეყანას ბენდთან ერთად ხშირად სტუმრობს და ქართველი მსმენელისთვის უკრავს.  „ოკეან ელზის“ ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის „არ წახვიდე“ კლიპი საქართველოშია გადაღებული.  აღსანიშნავია ისიც, რომ ომის დაწყებამდე როკ-ვარსკვლავი ნინო ქათამაძესთან ერთად მუსიკალური ტურის ჩატარებას გეგმავდა. 

 

„რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი და ერთმანეთს შევპირდით, რომ ერთად აუცილებლად ვიმღერებთ. ის არის გმირი მუსიკოსი, რომლის სიტყვასაც დიდი ძალა აქვს. ის უამრავ პატრიორტ ადამიანს აერთიანებს",-ამბობს ნინო ქათამაძემ.

 

ვაკარჩუკის ქართველი მეგობრების სია გრძელია. მათ შორის არის მებო ნუცუბიძეც, რომელიც 2015 წელს უკრაინულ „ვოისში" მონაწილეობდა. ქართველი შემსრულებელი უკრაინელი მენტორის პატრიოტიზმით აღფრთოვანებას ვერ მალავს:

 

 

„ის რასაც დღეს მსოფლიო ხედავს - როგორი გმირია ვაკარჩუკი, ჩემთვის სიახლე არაა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიოტული სულისკვეთებით. მახსოვს არასდროს მესაუბრებოდა რუსულად,  მიუხედავად იმისა, რომ ენა მშვენივრად იცის. მას ყოველთვის სწორი დამოკიდებულება ჰქონდა რუსული ოკუპაციის მიმართ და ამას სხვებსაც ხშირად აჩვენებდა“

 

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოშობით უკრაინელი მომღერალ ქართულ სიმღერებსაც ხშირად ასრულებს. თბილისში ერთ-ერთი ვიზიტისას მან მებო ნუცუბიძესთან და ოთო ნემსაძესთან ერთად  სიმღერა „მახინჯი ვარ“ შეასრულა.


|პოლიტიკური კარიერა 


როკ-ვარსკვლავმა პოლიტიკაში წასვლა  პირველად 2007 წელს გადაწყვიტა და კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა. ის იყო სიტყვის თავისუფლების საპარლამენტო კომიტეტის წევრი.  ვაკარჩუკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევრომაიდანის პროტესტებშიც. მოგვიანებით, „ოკეან ელზის“ სოლისტმა პოლიტიკური პარტიაც დააარსა, რომელსაც  „ხმა“ უწოდა.
 
2019 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობდა, თუმცა კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა:
 

  „მთავარია ვინ შეცვლის პოლიტიკურ კულტურას და არა ის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი“

 

2005 წელს უკრაინელმა მუსიკოსმა გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ მოგებული ერთი მილიონი გრინვა უკრაინის ბავშვთა სახლებს გადასცა. 
 
აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წელს  ჟურნალმა „კორესპონდენტ“ ვაკარჩუკი 100 ყველაზე გავლენიანი უკრაინელი ადამიანების სიაში შეიყვანა. 


 
|პირადი ცხოვრება


 უკრაინელ მუსიკოსის პირველი ცოლი „ოკეან ელზის“ სტილისტი და დიზაინერი ლაილა ფონარევა იყო. მათ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს და მაშინვე შეუყვარდათ. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა 20 წელს გრძელდებოდა. ისინი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. 

 


 
ვინ არის „ოკეან ელზის“ სოლისტის ამჟამინდელი რჩეული, უცნობია. ვიცით, მხოლოდ ის რომ 2021 წელს ვაკარჩუკს პირველი შვილი, ივანი შეეძინა.

 
 
„ბავშვის დაბადებამ მთლიანად შემცვალა, ისეთი ემოციები და შეგრძნებები გამიჩნდა აქამდე რომ არ მქონია. ჯერ ძალიან პატრაა, თუმცა მინდა ალბომი მივუძღნა“.

 როდესაც ივანი გაიზრდება, უკრაინელები აუცილებლად მოუყვებიან რომ ის უძლეველ ქვეყანაში, იმ მამის შვილად დაიბადა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ხელოვან გმირად იქცა.