სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირის მშობელი მოატყუეს და დაარწმუნეს, თითქოს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.

აღნიშნული საბაბით, ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕