პაკისტანის პოლიცია ექიმბაშს ეძებს, რომელმაც ორსულ ქალს თავში ჩაქუჩით ლურსმანი ჩააჭედა

პაკისტანი

პაკისტანის პოლიცია ექიმბაშს ეძებს, რომელმაც ორსულ ქალს თავში ჩაქუჩით ლურსმანი ჩააჭედა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

მოგვიანებით, ქალმა ლურსმნის ამოღება ბრტყელტუჩათი უშედეგოდ სცადა, შემდეგ კი ქალაქ პეშავარის ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა.

ექიმების თქმით, თავდაპირველად ქალი ამტკიცებდა, რომ ლურმანი თავში თავადვე ჩაიჭედა, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ ექიმბაშთან იყო, რომელიც ამ გზის გამოყენებით, მას ბიჭის გაჩენის „გარანტიას“ აძლევდა.

როგორც საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ადგილობრივ მედიას უთხრა, ქალმა ზემოხსენებული პრაქტიკის შესახებ მეზობლისგან გაიგო.

მისივე თქმით, 3 თვის ორსულმა ქალმა ექიმბაშთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქმარი დაემუქრა, რომ თუკი მეოთხე შვილიც გოგო იქნებოდა, მიატოვებდა.

მას შემდეგ რაც ინტერნეტში რენტგენის სურათები გავრცელდა ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.