რატომ არ შეიძლება სასაფლაოზე ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა - უძველესი ცრურწმენის საიდუმლო

საფლავი

არსებობს არაერთი ხალხური რწმენა-წარმოდგენა, რომელიც სასაფლაოზე გასვლას უკავშირდება. ცრურწმენების თანახმად, საფლავზე გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა ადამიანსა და მის ოჯახს უბედურება, ავადმყოფობა და სხვა განსაცდელი დაატეხოს თავს.

გავრცელებულ აკრძალვებს შორისაა საფლავიდან ყვავილების სახლში წამოღება, ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა და სასაფლაოზე სიჩუმის დარღვევა, - წერს გამოცემა Onet. აღნიშნულია, რომ ეს ტრადიციები უკავშირდება წარმოდგენებს სიკვდილზე, მიცვალებულთა ხსოვნასა და მათ პატივისცემაზე.

ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენა კრძალავს საფლავზე დატოვებული ყვავილებისა და სხვა ნივთების სახლში წაღებას. ხალხური გადმოცემების მიხედვით, ასეთი ნივთები სიკვდილთან, მწუხარებასა და გლოვასთან ასოცირდება, რის გამოც მათი სახლში შეტანა, თითქოსდა, ოჯახის წევრებს უბედურებას ან ავადმყოფობას მოუტანს. ზოგს სჯერა, რომ საფლავიდან რაიმეს წამოღება მიცვალებულის უპატივცემულობას ნიშნავს, რამაც შესაძლოა მისი რისხვა გამოიწვიოს.

ასევე არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც სასაფლაოს ყვავილებსა და ნივთებს შეუძლია სახლში სიმბოლურად სევდა და უარყოფითი ენერგია შეიტანოს.

კიდევ ერთი აკრძალვა ფეხსაცმელს ეხება. რწმენის თანახმად, სასაფლაოზე ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა არ შეიძლება, რადგან ეს, თითქოსდა, ადამიანის მოახლოებულ სიკვდილს მოასწავებს. ამ ცრურწმენის ზოგიერთი ვერსიით კი ამტკიცებენ, რომ ასეთმა ქმედებამ შესაძლოა მთელი მომდევნო წლის განმავლობაში უბედურება მოიტანოს.

მესამე ცრურწმენა საფლავების მონახულებისას ქცევის წესებს უკავშირდება. გამოცემამ აღნიშნა, რომ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში სასაფლაოზე მიღებულია სიჩუმის დაცვა. ხალხური წარმოდგენებით, ხმაურმა და შეუფერებელმა ქცევამ შეიძლება მიცვალებულთა სულის მოსვენება დაარღვიოს და უსიამოვნებები დაატეხოს თავს მათ, ვინც ამ ტრადიციებს არ იცავს.

✕