ჯონ ბოლტონის ნააზრევი პუტინსა და რუსეთზე

პუტინი და ბოლტონი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის,დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში რუსეთიდან მომავალ საფრთხეების შესახებ საუბრობს. 

სტატიის თარგმანს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთის ინტერესი უკრაინის მიმართ საკმაოდ ძლიერია.  ამას კარგად ცხადყოფს შემდეგი ფაქტები:

მაღალი რანგის დასავლელ დიპლომატებთან შეხვედრისას, რუსეთი პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკური წესრიგის გადახედვას გამუდმებით მოითხოვს. ამას ემატება ისიც, რომ მოსკოვი ვენესუელასა და კუბაში ჯარების განლაგებით იმუქრება.

რაც შეეხება დასავლეთს, ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა იმისთვის, რომ უკრაინაში შეიჭრას და დაასრულოს ის, რაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით დაიწყო. ანუ, მას მთელი უკრაინის ანექსია აქვს განზრახული.

მოსკოვის შესაჩერებლად აშშ და NATO-ს წევრი სახელმწიფოები პუტინს ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან. გამოიღებს თუ არა ეს მუქარა შედეგს, გაურკვეველია. რუსეთმა 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შეჭრით, საერთაშორისო სამართლის ნორმები არაერთხელ დაარღვია. 

რა მოხდება თუ მოსკოვი ისევ გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას? ჯერჯერობით პუტინის საბოლოო მიზანი ცნობილი არაა, შესაძლოა, ჯერ თავადაც არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.  პუტინის მიერ ბაიდენის ე.წ. „პოლიტიკური დაზვერვაც" სწორედ უკრაინის საკითხის კარგად გაანალიზებასა და სამომავლო სტრატეგიების უკეთ დაგეგმვას ემსახურებოდა. რას აპირებს დასავლეთი? რა მოხდება თუ დასავლეთი რუსეთისგან განსხვავებით უკრაინის საკითხს ნაკლებ პრიორიტეტს მიანიჭებს?

მოდით, ახლა რუსეთის სამომავლო პერსპექტივებიც მიმოვიხილოთ. უკრაინის მთლიანი ანექსია, შესაძლოა, არაა ის, რაც ახლა რუსეთს უნდა ან სჭირდება.  პუტინს შეუძლია უბრძანოს ჯარს კიევთან მიახლოება, რათა უკრაინას კიდევ ერთხელ დაანახვოს, რამდენად დაუცველია ის. ზუსტად ასე მოიქცა რუსეთი 2008 წელს საქართველოში. რუსული ჯარები ჯერ თბილისს მიუახლოვდნენ.

სავარაუდოა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის დამხობა და მის მაგივრად ხელისუფლებაში პრორუსული ლიდერების მოსვლაც. 

რუსეთს დაშინების პოლიტიკით აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა ახლაც შეუძლია.  თუ ამას მოსკოვი ამას იზამს, შესაძლოა, ბაიდენმა რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესოს. მაგრამ წავა თეთრი სახლი ამ ნაბიჯზე, თუ რუსეთი უკრაინას მხოლოდ ნაწილობრივ დაიპყრობს? რას იზამს ევროპა? ამოისუნთქავს და იტყვის „შეიძლება უარესიც მომხდარიყოო? რა იქნება მომავალში?

შესაძლოა, პუტინმა გარისკოს, შესაძლოა არა.  ისიც სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბელარუსთან კავშირები გაამყაროს. ბელარუსში მოსკოვის გაძლიერებით კი, სამწუხაროდ, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ოპოზიციის დამარცხებას შეძლებს.

ასე თუ მოხდა, რას იზამს ევროპა და აშშ?  რა მოხდება თუ რუსეთი კვლავ გადაწყვეტს საქართველოში შეჭრას?

აშშ-მ და NATO-მ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაონ სტრატეგია იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ და რუსეთის დასავლეთ საზღვრებში  არიან მოხვედრილები და  ე.წ. „ნაცრისფერ ზონას“ მიეკუთვნებიან. ამასთანავე, ალიანსმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აიცილოს. ფაქტია, რომ  ახლა NATO  მხოლოდ იმას აცხადებს, რომ რუსეთს დაუწესებს სანქციებს თუ ის უკრაინის საზღვარს გადაკვეთს.

რუსეთისთვის ეს მუქარა არაფერს ნიშნავს. მსგავსი რამ დასავლეთს წარსულშიც ბევრჯერ გაუკეთებია, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. აშშ-მ და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კარგად უნდა შეაფასონ რუსეთის შესაძლებლობები და მისი სამომავლო ნაბიჭები მანამდე, განჭვრიტონ, სანამ მოსკოვს კიდევ რაიმე სარისკო ქმედება არ ჩაუდენია.

თუ ახლა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კვლავ დავმარცხდებით, ეს NATO-ს წევრ სახელმწიფოებსა და ალიანსის ერთობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. პუტინი ზუსტად დასახავს გეგმას იმისთვის, რომ კოალიციის მთლიანობა დაასუსტოს. ის ნიჭიერია, მან კარგად იცის, როგორ დასახოს სტრატეგია. დღეს დღის წესრიგს ისევ პუტინი ადგენს, ეს უნდა შეიცვალოს.