დნიპროში მაშველები დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსში სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ - ოფიციალური ცნობით, იქ 50 ბავშვი ცხოვრობდა

დნეპრი

14 იანვარს ქალაქ დნიპროში რუსი სამხედროების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მაღალსართულიან შენობის დაბომბვის შედეგად 60 ადამიანი დაიჭრა. მათგან 12 ბავშვია.

კორპუსის იმ ნაწილში, რომელიც მთლიანად დანგრეულია, 200-მდე ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 50 ბავშვი. ამ ციფრით ხელმძღვანელობენ მაშველები, რომლებიც აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას.

14 იანვარს რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მორიგი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

რუსებმა დნიპროში მდებარე მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი ნანგრევების ქვეშ დარჩა. ხალხის გადარჩენაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ასობით თანამშრომელი და ქალაქის სამსახურები.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილებს შორის ბავშვები არიან, ყველა საავადმყოფოშია. დაშავებულებიდან ყველაზე პატარა 3 წლისაა, ცხრა წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა.