ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება.
მარკო რუბიოს თქმით, კონფლიქტის დასრულება სამხედრო გზით შეუძლებელია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მისი აზრით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების რეალისტური გზა, რუბიომ უპასუხა, რომ გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებია.
„ეს ძალიან რთული კონფლიქტია. ვიცი, რომ პრეზიდენტმა მის მოგვარებას უზარმაზარი დრო დაუთმო. გვყავს ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე მუშაობენ, როგორ მიაღწიონ შედეგს და როგორ დაძლიონ მხარეებს შორის არსებული უთანხმოებები. მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ამ ომზე საუბრისას ადამიანები მუდმივად ამბობენ, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომია. სინამდვილეში, ეს ომი დონბასს ეხება. საუბარია ქვეყნის ერთ რეგიონზე. არსებითად, საქმე ეხება ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთ ნაწილში არსებული ტერიტორიის 11 პროცენტს, რომლის დაუფლებაც რუსეთს სურს, თუმცა სამხედრო გზით ვერ ახერხებს, უკრაინა კი მის დათმობას არ აპირებს. უკრაინას ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები აქვს – ეს მის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ მთავარი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ისეთი კომპრომისის მიღწევა, რომლისთვისაც ორივე მხარეს გარკვეული დათმობების გაკეთება მოუწევს ომის დასასრულებლად. ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოვაგვარებთ. ეს ომი მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ისეთი შედეგის მიღწევა, როდესაც ორივე მხარე რაღაც სარგებელს მიიღებს, ამავდროულად დათმობებზეც წავა და კონფლიქტი დასრულდება. ეს რთული პროცესია, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ამის გაკეთება შეუძლებელია, თუ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და ერთმანეთს არ დაელაპარაკება. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მედიატორის როლი შევასრულოთ. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ. არ ვამტკიცებთ, რომ მხარეების ერთ ოთახში შეკრება პრობლემას ავტომატურად მოაგვარებს, მაგრამ თუ მათ ერთ მაგიდასთან ვერ დავსვამთ, კონფლიქტის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, – განაცხადა რუბიომ.