„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზეა, ქვეყნებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. ომის დაწყების შემთხვევაში, რამდენად მაღალია შანსი, რომ ფართომასშტაბიან კონფლიქტში რუსეთმა საქართველოც ჩაითრიოს?
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს აცხადებს, თუ რუსეთი უკრაინასთან ღია ომზე წავიდა, სავარაუდოდ, საქართველოსთანაც იმავეს გაკეთების სურვილი ექნება.
„დავიწყოთ იმით, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპულ კონტინენტზე ქვეყნებს შორის ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა. დასავლეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთ გადაიხდის მაქსიმუმს, თუ გაბედავს და უკრაინაში შეიჭრება. მოგეხსენებათ, საქართველოს უსაფრთხოებაც, ძირითადად, დამოკიდებული იყო და არის დასავლეთის პოზიციაზე რუსეთის მიმართ.
რადგან რუსეთი უკვე ღებულობს მაქსიმალურ წინააღმდეგობას დასავლეთის მხრიდან, მაშინ მას რა შეუშლის ხელს, რომ საქართველოშიც არ შემოვიდეს? სანქციები უფრო გაძლიერდება, შესუსტდება თუ რა? რუსეთი დასავლეთთან უკვე მიდის ომზე.
აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთის საქართველოში შეჭრის ალბათობა მაღალია. ჩვენ პანიკას არ უნა ავყვეთ, მაგრამ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ თავდაცვის რეჟიმში ვიყოთ. რუსეთი დასავლეთისგან ითხოვს, უარი თქვას გაფართოებაზე, თუ რუსეთმა უკრაინის საკითხი სამხედრო ძალით უნდა გადაწყვიტოს, დიდი ალბათობით, იგივეს გააკეთებს საქართველოსთან მიმართებით“,- განაცხადა ძაბირაძემ.
რამდენად შორს შეტოპავს რუსეთი არსებულ კონფლიქტში? - როგორც ძაბირაძე აცხადებს, რუსეთმა მაქსიმუმი, რაც შეიძლება, გააკეთოს უკრაინაში, ეს არის გააგრძელეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკანონო მხარდაჭერა.
„მაქსიმუმი, რაც შეიძლება, ახლა რუსეთმა გააკეთოს უკრაინაში, ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის უკანონო მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთს რეაქცია იქნება არც ისეთი მძაფრი, როგორიც იქნებოდა თუ რუსეთი დააპირებდა უკრაინის მთლიან ანექსიას. სცენარი, სავარაუდოდ, ასე განვითარდება“, - განაცხადა ძაბირაძემ.
რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.
2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.