ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ - მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა.

2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.

აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (პროფესიულ ბადრაგს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.