დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ უფრო რეალურ სახეს იღებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა და უკრაინაში აშშ-ის მიერ სამხედრო დახმარების ორი პარტია ჩავიდა.
მივა თუ არა საქმე უკრაინა-რუსეთის მონაწილეობით ფართომასშტაბიან დაპირისპირებამდე, საკითხზე „პრაიმტაიმთან” საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე საუბრობს. როგორც ექსპერტი აცხადებს, რუსეთის მიზანი არა ომის დაწყება, არამედ დასავლეთის დაშანტაჟებაა.
„რუსეთის მიზანი გახლავთ დასავლეთში საერთაშორისო საზოგადოების დაშანტაჟება და პოლიტიკური ვაჭრობის წარმოება. რუსეთმა სპეციალურად იმისთვის განათავსა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, დაახლოებით, 120 ათას კაციანი კონტიგენტი, რომ დასავლეთთან გარკვეული ვაჭრობა აწარმოოს. ეს მეთოდი რუსეთმა პუტინ-ბაიდენის შეხვედრის წინაც გამოიყენა.
ახლა რუსეთი მოთხოვნას უყენებს დასავლეთს, რომ გაიყვანოს თავისი სამხედრო კონტიგენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და ასეთ შემთხვევაში, მე არ შევიჭრები უკრაინაშიო. თუმცა რუსეთი იმასაც აცნობიერებს, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება, ხანგრძლივ ომში იქნება ჩართული. ეს ფართომასშტაბიანი ომი, დიდი ალბათობით, არ დაიწყება, მაგრამ რუსეთი გააძლიერებს ირიბ აგრესიასა უკრაინის წინააღმდეგ, ვგულისხმობ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკანონო მხარდაჭერას.
ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი წაგებულ მდგომარეობაში იქნება, რადგან აშშ და დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ, რუსეთს შეექმნება პრობლემა, რადგან მას სანქციებსაც დაუწესებენ“,- განაცხადა ჩიტაძემ.
განვითარებული პროცესების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ ემზადება. განსხვავებულად ფიქრობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრაზე წავა.
რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.
2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.
პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.