"ამ ომის დასასრულებლად აუცილებელია მათზე ზეწოლა, რეალური ზეწოლა, ცარიელ საუბარზე დროის კარგვის გარეშე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

კრივი რიჰზე თავდასხმისას დაღუპული ოჯახების სოლიდარობის ნიშნად, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. მსოფლიოში კი განხილვის თემად ევროპის კონტინენტზე ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულების საკითხი რჩება.

ევროპა და ამერიკა რუსეთის პასუხის მოლოდინშია. აგრესორი კი დუმილს ამჯობინებს.

ამავდროულად, ომში მყოფი ქვეყნის მეზობელ სახელმწიფოებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობენ. პოლონეთმა თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ევროპა შეშფოთებულია, ვოლოდიმირ ზელენსკი კი პარტნიორ ქვეყნებს დუმილის დარღვევისკკენ მოუწოდებს.

"დუმილი მაშინ, როცა რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით ბავშვებს კლავს, არასწორი და საშიშია. ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს მოსკოვს ომის გაგრძელებასა და დიპლომატიის იგნორირებაში. სისუსტეს არასდროს დაუსრულებია ომი. ამიტომ მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომლის წარმომადგენლებმაც თავიანთი აზრი გამოთქვეს. რუსული ბალისტიკური რაკეტა სამიზნეში იღებს ჩვეულებრივი ქალაქის ქუჩებს, ურტყამს საცხოვრებელ კორპუსებს - და შემდეგ დაბომბვას უპილოტო საფრენი აპარატებით აგრძელებს. კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მეტი დაიჭრა. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც გააკეთა. ამ ომის დასასრულებლად აუცილებელია მათზე ზეწოლა, რეალური ზეწოლა, ცარიელ საუბარზე დროის კარგვის გარეშე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.