45 წლის მამაკაცი 14 წლის გოგოზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა - მამაკაცი პოლიციამ დააკავა

პოლიციის სირენა

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ აუდიო და ტექსტურ შეტყობინებებში 45 წლის მამაკაცის 14 წლის გოგოსთან მიმოწერაა ასახული. პედოფილი, რომელიც არასრულწლოვანს ისე გაეცნო, თითქოს 17 წლის მოზარდი იყო, თვეების განმავლობაში მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, აშანტაჟებდა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.

მიმოწერით ირკვევა, რომ არასრულწლოვანმა შუახნის მამაკაცს არაერთხელ სთხოვა ურთიერთობის დასრულება. პედოფილი მსხვერპლს ჯერ წინადადებაზე თანხმდებოდა, ხოლო შემდეგ ვიდეოზარის მეშვეობით სექსუალური შინაარსის მქონე მოქმედების უპირობო შესრულებას სთხოვდა. უარის მიღების შემთხვევაში კი, მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრძობდა.

დანაშაული უკვე გახსნილია. ბრალდებულს სამართალდამცავებმა ხელბორკილები თავის საცხოვრებელ სახლში დაადეს, სადაც დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა. დამნაშავის სახლი ახლა დაკეტილია, მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჩადენილ დანაშაულზე არაფერი სმენიათ.

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის მამაკაცი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უწყების წარმომადგენლებმა ბრალდებულის კომპიუტერული ტექნიკაც შეამოწმეს, რომელშიც ათობით სხვა არასრულწლოვანთან წარმოებული მიმოწერაც აღმოჩნდა.

მიუხედავად არაერთი ფაქტობრივი მტკიცებულებისა, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. დანაშაულის დადგენის შემთხვევაში კი, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.