ყმაწვილებმა ხვლიკს ჰკითხეს: რას ფიქრობ, მეგობარო, არსებობს ღმერთი? და აქ მოხდა სასწაული" - ბერ პაისთან დაკავშირებული საოცარი ისტორია

paisi

საბერძნეთის დიდი წმინდანი, ბერი პაისი ჩვენი სულმნათი წმინდა მამა გაბრიელის თანამედროვე იყო, თუმცა არავის არასოდეს უთქვამს, იცნობდნეთ თუ არა ისინი ერთმანეთს. ორივემ მოწამებრივი გზა გაიარა უფლისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად. მამა გაბრიელმა - სალოსობით; მძიმე სენშეპყრობილს უფლის დიდება და მადლობა არ მოშლია ბაგეებიდან. მამა პაისიც დიდხანს იტანჯებოდა პროსტატის კიბოთი, თუმცა ერთი წამითაც არ დაუწუწუნია. მადლობას და დიდებას სწირავდა შემოქმედს ყოველწამიერად.

თავს დამტყდარი ყოველგვარი განსაცდელი წმინდანებს ახარებთ და უფლის სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობას აძლევთ. როგორც წმინდა მამები იუწყებიან, წმინდანს ძალუძს თავზე ხელის ერთი დადებით განკურნოს მძიმე სნეული და მთელი მისი დაავადება საკუთარ თავზე აიღოს. ეს მისთვის უფლის საჩუქარია.

თუ ამქვეყნიურ ტანჯვა-ვაებას არ ეზიარები, რთულია ისე უფლის სახლში მოხვედრა. ამიტომაც არის სამოთხისკენ მიმავალი გზა ეკლიანი. ხოლო ჯოჯოხეთისკენ მიმავალი - ყვავილებით მოფენილი. 

მამა პაისი ამბობდა, რომ ადამიანზე სულიწმინდის გადმოსვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას გამუდმებით კეთილი ფიქრები და ზრახვები აქვს. თუ ის ყველა დაბრკოლებისას, ხიფათისგან, განსაცდელისგან მხოლოდ კარგის დანახვას ცდილობს და უფალს მადლობას სწირავს, რადგან ხვდება, რომ ამით მისი სულიერი გამოწვრთნა ხდება.

 ბერი პაისის მიერ დატრიალებულ ერთ სასწაულთან დაკავშირებით წმინდა იოანე კონსტუდელის ნაამბობი გავიხსენოთ.

ერთხელ მამა პაისს სამი სტუდენტი ესტუმრა ათონის მთაზე. კაზაძაკის წიგნებზე გაზრდილ ყმაწვილებს ღმერთის არსებობის არ სწამდათ. ბერსაც ირონიულად ჰკითხეს:

- შენ რა გგონია, მართლა არსებობს უფალი?

მამა პაისმა გაიცინა და არაფერი უპასუხა. ამ დროს საიდანღაც პატარა, თეთრი ხვლიკი გამოსრიალდა. წმინდა პაისი ყმაწვილებს მიუბრუნდა:

- მოდით აბა, იგივე კითხვა დაუსვით ამ არსებასაც.

ყმაწვილებმა გადაიხარხარეს და ხვლიკს ჰკითხეს: 

- რას ფიქრობ, მეგობარო, არსებობს ღმერთი?

და აქ მოხდა სასწაული - ხვლიკმა მათ ადამიანის ენით უპასუხა: - არსებობს ძე, ღმერთი და სულიწმინდა.

სამივემ გონი დაკარგა. ის, ვინც შეკითხვა დასვა იმ დღესვე დარჩა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. ორნი კი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და ისინიც ბერად აღიკვეცნენ.

მამა პაისი ამბობდა: განა შეიძლება ფოთლებმა ხის გარეშე იარსებონ?  ან ხეს შეუძლია ნიადაგის გარეშე სიცოცხლე? ჰაერის, წყლის, მზის სხივების გარეშე? არა, რა თქმა უნდა, არა!!! ამრიგად სული ღმერთის გარეშე ვერ იარსებებს! რადგან ეს არის ჩვენი არსება! სუნთქვა! სინათლე! ჩვენი ძალა და საზრდო!