ზელენსკი: პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს - უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში და ამის შესაბამის შედეგებს ყველა ხედავს

ზელენსკი

ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ მას ამჟამად უპირატესობა არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შეცვალა თუ არა დონალდ ტრამპთან შეხვედრამ მისი ხედვა უახლოეს მომავალში სამართლიანი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

„ჩვენი გუნდები ხედავენ, რომ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობათა ფანჯარა. უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში და ამის შესაბამის შედეგებს ყველა ხედავს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი სამხედროების დამსახურებაა, რისთვისაც მათ ძალიან მადლობელი ვარ. ისინი მაძლევენ შესაძლებლობას, განვამტკიცო ჩემი პოზიციები, ამიტომაც ვთქვი, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად იღებს ინფორმაციას და „ესმის, რომ ამჟამად მას უპირატესობა არ აქვს“.

„არის ბალისტიკა, არის ნამდვილად ასეთი აბსოლუტურად ტრაგიკული და საშინელი დარტყმები ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ ეს არის ერთადერთი უპირატესობა, რაც მას დარჩა. მეტი არაფერი აქვს. და ამას ყველა ხედავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.