1783629516
პუტინს ესმის, რომ ახლა არანაირი უპირატესობა არ აქვს, უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ენერგორესურსების ექსპორტზე იყო დამოკიდებული, ახლა საწვავის იმპორტის შესაძლებლობების გაზრდას ცდილობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე შეუშალა ხელი რუსეთისთვის ნეიტრალური ქვეყნებიდან საწვავის საკმარისი მარაგის მიწოდებას.
„ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რომლის ეკონომიკაც ყოველთვის საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტზე იყო ორიენტირებული, დღეს ცდილობს, სადმე მოძებნოს საწვავი, როგორმე გაზარდოს საწვავის შესყიდვისა და იმპორტის შესაძლებლობები”,- განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ-შეხვედრისას.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ბორის ელცინს რომ სცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, შესაძლოა, სხვა მემკვიდრე აერჩია.
„სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, ელცინს რომ სცოდნოდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ რუსეთი ექსპორტის ნაცვლად ენერგორესურსების იმპორტს დაიწყებდა იმის გამო, რომ თავად სულელურად გადაწყვიტა ომის დაწყება, ვფიქრობ, ის სხვა მემკვიდრეს აირჩევდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მნიშვნელოვანი უპირატესობები აღარ აქვს, გარდა ბალისტიკური რაკეტებისა, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს.
„იმის მიუხედავად, იცის თუ არა პუტინმა ეს, ის ნამდვილად იღებს ინფორმაციას და ესმის, რომ ახლა არანაირი უპირატესობა არ აქვს. მას აქვს ბალისტიკა, მართლაც ტრაგიკული და საშინელი დარტყმები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ ეს არის ერთადერთი უპირატესობა, რომელიც მას დარჩა. სხვა არაფერი აქვს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინას ამ ეტაპზე „შესაძლებლობების ფანჯარა“ აქვს.
„უკრაინა უფრო ძლიერი გახდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში. ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სამხედროების დამსახურებით”,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის გაძლიერება უკვე შეამჩნიეს შეერთებულმა შტატებმაც და სხვა ქვეყნებმაც, რომელთა ლიდერებსაც ის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„ეს ყველამ დაინახა. ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. სამიტის დროს შევხვდი ბევრ სხვადასხვა ლიდერს, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებსაც, რომლებთანაც აქამდე შეხვედრები არ მქონია. ყველა ერთ რამეს აღნიშნავს: უკრაინა გაძლიერდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.












