ზელენსკი არის უკრაინის არჩეული მეთაური, არასწორი და საშიშია მისი დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა - შოლცი

 ოლაფ შოლცი

უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„სიმართლე ასეთია: ვოლოდიმირ ზელენსკი არის უკრაინის არჩეული მეთაური. ფაქტი, რომ ომის დროს სათანადო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და საარჩევნო კანონმდებლობას. არავინ უნდა ამტკიცებდეს საპირისპიროს“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა გაიმეორა, რომ სწორედ რუსეთმა, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, დაიწყო ომი უკრაინაში.

„უკრაინა, უკვე თითქმის სამი წელია, იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიული ომისგან. დღიდან დღემდე“, – აღნიშნა შოლცმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება.