ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.

„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდება. ის ასევე დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით. „კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ობიექტის დაკარგვა გვიჩვენებს, რომ ათასი რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულიTaurus-ის რაკეტების მიწოდება ითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან, შესაძლოა, უკრაინას ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც, ფაქტობრივად, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას მოახდენს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.