ყაზახეთმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა

ავიაკატასტროფა

ყაზახეთმა 25 დეკემბერს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ყაზახური მედიის თანახმად, შემონახული ფრაგმენტების პირველმა შემოწმებამ გამოავლინა ბევრი სხვადასხვა ზომის და ფორმის დაზიანება უცხო ლითონის ობიექტებით, ფიუზელაჟის კუდის ნაწილში, საჰაერო ხომალდის ვერტიკალურ სტაბილიზატორზე, სიმაღლისა და მიმართულების საჭეზე.

წინასწარი მოხსენების თანახმად, დაზიანებები ნაპოვნია თვითმფრინავის მარცხენა ძრავზე და თვითმფრინავის მარცხენა ფრთაზე, ასევე თვითმფრინავების ერთეულებსა და კომპონენტებზე.

ყაზახეთის წინასწარი ანგარიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის მიხედვით, ყაზახურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰიდრავლიკა და ელექტროგაყვანილობა დაზიანდა დედამიწასთან შეჯახებამდე, ალბათ, გარე ობიექტების გამო.

25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. თვითმფრინავში 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. გამოძიებას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად, ყაზახეთის ხელმძღვანელობს. სამუშაოებში მონაწილეობენ აზერბაიჯანის და რუსეთის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და კომპანია „ემბრაერის” წარმომადგენლები. ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა სახელდება. 28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი მოხდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. აზერბაიჯანული მხარის შეფასებით, რადიოელექტრონულმა ბრძოლამ გროზნოში დაბლოკა თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემა.