უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

ევროკომისია

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით. კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 13 ივლისს შესაძლოა დაამტკიცოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, თუმცა კომპრომისულ ვერსიაში: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოხსენიების გარეშე და რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ „შერბილებული“ ფორმულირებებით.

„ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ჩანდა, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება 21-ე პაკეტის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად ღრმა იყო და მისი შემოდგომისთვის გადატანა მოგვიწევდა. თუმცა, 12 ივლისს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) სხდომაზე ახალი ვარიანტის განხილვამ იმედი გააჩინა, რომ კომპრომისი მოიძებნება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

კერძოდ, პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირი, სავარაუდოდ, შემდეგ კომპრომისებზე წავა:

ბულგარეთისა და იტალიის მოთხოვნით, შემოთავაზებული სანქციების სიიდან ამოიღებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და რუსული „ლუკოილის“ დამფუძნებელს, ვაგიტ ალეკპეროვს.იტალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სხვა ქვეყნების თხოვნით, შეარბილებს ფორმულირებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი კომბატანტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ (საუბარია აკრძალვიდან ყოფილი სამხედროების შესაძლო გამონაკლისზე).გაამარტივებს ფორმულირებას რუსული თევზის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვის შესახებ, კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე, უარს იტყვის რუსეთიდან და ბელარუსიდან ვირთევზას იმპორტის სრულ აკრძალვაზე (ეს უკანასკნელი რუსული თევზისთვის ევროკავშირში „უკანა კარია“).საბერძნეთის, კვიპროსის, მალტასა და სხვათა ზეწოლის შედეგად გააუქმებს რუსეთიდან თხევად გაზსა და შესაბამის ტანკერებთან დაკავშირებულ რიგ წინადადებებს.