ტყვიამ მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი სროლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტრამპი წერს, უსამძიმრებს თავის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შედეგად დაღუპული პირის ოჯახის წევრებს და ასევე მხარდაჭერას უცხადებს მძიმედ დაშავებულის ოჯახს.

ტრამპი აქვე ინციდენტის დეტალებზე წერს, რა დროსაც ის დაშავდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის საიდუმლო სამსახურს და მთელს სამართალდამცავ ორგანოს მათი სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბატლერში, პენსილვანიაში. რაც მთავარია, მინდა, მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს და ასევე, მივმართო მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, როცა გავიგე ხმა, გასროლა და მაშინვე ვიგრძენი კანზე ტყვია. ბევრი სისხლი დავინახე, ამიტომ, მივხვდი, რაც ხდებოდა“, – წერს ტრამპი.

პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, „სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ცნობითვე, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.