„ვინც კიდევ ნიკასთან მასოცირებთ...“ - რამ გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილი
1732724826
მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ყველგან წინ იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ყველგან წინ იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა. ეროვნული ღირსების, ეროვნული სიამაყის გრძნობა ძალიან მიჩქმალული იყო და ამას თავისი ისტორია ჰქონდა - 90-იან წლებში გადატანილი უბედურებები, 2008 წლის ომი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, როდესაც ადამიანებს ხმის ამოღების ეშინოდათ, იყო უამრავი ჩაცხრილული ახალგაზრდა. ეს ეროვნული სიამაყის გრძნობა თითქოს, იყო მიჩქმალული და სწორედ მიხეილ ყაველაშვილი არის ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა.
განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს აგენტურა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში არის ჩაბუდებული, ცდილობდა, რომ ქართული, ეს ჩვენი ცოტა ფიცხი ხასიათი გამოეყენებინა იმაში, რომ „აბა, როდესაც უკრაინაში ომია, სად ხართ ქართველებო“ და აეგდო მთელი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ამას ითხოვს ჩვენგან დასავლეთი, ამას ითხოვენ დასავლელი პარტნიორები. ამ დროს ეროვნული ინტერესები უკანა პლანზე უნდა ყოფილიყო. ყაველაშვილი იყო პირველი ყველა ამ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სუვერენიტეტის დაცვისთვის და ეროვნული ღირსების დაბრუნებაში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში დაიწყო.
„ყაველაშვილი იყო შერჩეული, როგორც ერთ-ერთი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდის, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ხალხის ძალას“, ვგულისხმობ გაცილებით დიდ ძალას, ჩვენც „ქართული ოცნებიდან“ მოვდივართ, ბიძიან ივანიშვილის ირგვლივ ვინც გავერთიანდით 2011-2012 წლებში და ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადავარჩინეთ საქართველო მართლა გაქრობას, რაც ელოდა, უსამშობლოების მმართველობა რომ გაგრძელებულიყო ქვეყანაში.
აქ არ დაწყებულა მიხეილ ყაველაშვილის ბრძოლა. კარგად მახსოვს, როცა 2005-2006 წლებიდან ნათლად გამოჩნდა, საით მიდიოდა ქვეყანა, იმ პერიოდიდან აქტიურობა სააკაშვილის და იმ არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მაშინ მიშა ყაველაშვილს არ ვიცნობდი, ის მიკავშირდებოდა, ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი იყო შვეიცარიაში და იქიდან და კვირა არ გავიდოდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ გვქონოდა და თავისი გულის წუხილი არ გაეზიარებინა, იქიდან აქტიურობდა და იბრძოდა. ის ყოველთვის იდგა ქვეყნის გადარჩენის სამსახურში. როგორი ღირსეული სპორტსმენიც იყო, ისეთი ღირსეული პოლიტიკოს არის დღეს.
რატომ მაინც და მაინც მიშა ყაველაშვილი? ის როგორც სპორტსმენი, იყო თავდამსხმელი, იყო მუდმივად გარღვევაზე და ახლაც გარღვევაზე როცა არის წასასვლელი, სწორედ მიშა ყაველაშვილისნაირი პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.