1733169705
სომხეთმა სოფელ კირანცში სპეცრაზმი გაგზავნა - მედია
სომხეთმა სოფელ კირანცში სპეცრაზმი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მოსახლეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციას აპროტესტებს.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კირანცის მოსახლეობა 19 აპრილის შემდეგ ბლოკავს ვოსკეპარ-კირანცის მაგისტრალის მონაკვეთს, რის გამოც მთავრობამ ადგილზე სპეცრაზმის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „დოიჩე ველე“ სომხურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, სპეცრაზმმა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, თუმცა მოსახლეობა კვლავ ადგილზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეათანხმეს, სად გაივლის მათი საზღვარი. როგორც ცნობილია, განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება. მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ. გარდა ამისა, შეათანხმონ რიგითობა საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად.