1739394485
შევთანხმდით, რომ გვსურს, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში - ტრამპი
![პუტინი და ტრამპი პუტინი და ტრამპი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/12/111911/putini-da-trampi_w_h.jpeg)
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპის თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც მოიცავს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ასევე ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სთხოვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რატკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკლ ვოლცს და სპეციალურ დესპანს, სტივ ვიტკოფს, უხელმძღვანელონ მოლაპარაკებებს, რომელიც წარმატებული იქნება.
ტრამპის თქმით, უკრაინასთან ერთად ვლადიმერ პუტინთან განიხილა ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარი და სხვა საკითხები.
საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა კონფლიქტის ძირეული მიზეზების გადაჭრის აუცილებლობა და დაეთანხმა ტრამპს, რომ გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა შესაძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.