შექმნეს AI მოდელი, რომელსაც ხანძრების პროგნოზირება შეუძლია

ხანძარი

 ისრაელელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის (Al) ახალი მოდელი შექმნეს, რომელსაც ელვისგან გამოწვეული ხანძრების პროგნოზირება შეუძლია. კლიმატის ცვლილებების შედეგად ეს პრობლემა გახშირებულია, AI კი 90%-იანი სიზუსტით შეგვატყობინებს, სად და როდისაა ცეცხლის გაჩენის რისკი. მსგავს შედეგს მკვლევრებმა ისტორიაში პირველად მიაღწიეს.

ბარ-ილანის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევრებმა, დოქტორ ორენ გლიკმანმა და დოქტორ ასაფ შმუელმა, შვიდწლიანი მაღალი გარჩევადობის გლობალური სატელიტური მონაცემები გამოიყენეს. მათ ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა მცენარეები, ამინდის პირობები და რელიეფი, შეისწავლეს. შემდეგ გლობალური მასშტაბით ელვისგან გამოწვეული ტყის ხანძრების რუკა გააანალიზეს და პროგნოზირების სისტემა შეიმუშავეს. მათი კვლევა გამოცემა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

ამ კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ელვისგან გამოწვეული ტყის ხანძრების წინასწარმეტყველების უნიკალური სიზუსტე ანიჭებს. ახალი AI მოდელი გლობალურ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. ის სატელიტურ, ამინდისა და გარემოს მონაცემებს აერთიანებს, რათა ელვისგან გამოწვეული ხანძრების ალბათობა შეაფასოს. ამ მიდგომით ახალი მოდელი სხვა შეზღუდული მონაცემების მქონე მოდელებს ბევრად აღემატება.

AI 2021 წლის ტყის ხანძრების მონაცემებზე დაყრდნობით გამოცადეს. მან სტიქია უპრეცედენტო სიზუსტით (90%) ივარაუდა. ეს შესაძლოა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში გარდამტეხი აღმოჩნდეს.

კლიმატის ცვლილების დაჩქარებასთან ერთად, ექსტრემალური ამინდი, ქარიშხლები, ზედმეტად ცხელი და მშრალი პირობები და ეკოსისტემების ცვლილება, ტყის ხანძრების გახშირებასა და ინტენსივობის ზრდას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის საქმიანობა ხშირად ხანძრების გაჩენის მიზეზი ხდება, ელვა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფაქტორია, განსაკუთრებით შორეულ რეგიონებში.

ეს ხანძრები, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში შეუმჩნევლად ბჟუტავდეს და შემდეგ უეცრად უკონტროლო გახდეს. 2020 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ კალიფორნიაში მომხდარი ტყის კატასტროფული ხანძრები სწორედ ელვამ გამოიწვია. შედეგად, 607 ათასზე მეტი ჰექტარი მიწა დაიწვა და მრავალი ადამიანი მოკვდა.

ახალი AI მოდელის წყალობით, მეტეოროლოგიური სამსახურები, სახანძრო დეპარტამენტები და საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები სწრაფად რეაგირებას შეძლებენ. ეს სიცოცხლის გადარჩენასა და ეკოსისტემების დაცვას შეუწყობს ხელს. აქამდე არსებული მოწყობილობები ძირითადად ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ხანძრების რისკებს აფასებდა, თუმცა ელვისგან გაჩენილი ცეცხლის პროგნოზირება არ შეეძლო. ახლა კი ეს პრობლემა გადაიჭრება.

მიუხედავად იმისა, რომ AI მოდელი ჯერ პროგნოზირების სისტემებში ჩაშენებული არაა, მისი შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. როგორც დოქტორი შმუელი აღნიშნავს, "კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენის ფონზე, საჭიროა ახალი მოდელები. ასე სტიქიის შესახებ უკეთ გავიგებთ და ვიწინასწარმეტყველებთ. მანქანური სწავლება ამ ძალისხმევის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს".

"ჩვენ ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზების შესწავლის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით", — ამბობს ბარ-ილანის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი გლიკმანი — "მანქანური სწავლება რევოლუციას მოახდენს. დაგვეხმარება, ელვისგან გამოწვეული ტყის ხანძრები ვიწინასწარმეტყველოთ და სწორი რეაგირება მოვახდინოთ. ეს სიცოცხლის გადასარჩენად და ეკოსისტემების შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია".