1744002807
„კარი გარედან გადაუკეტეს, რომ თავისთვის ვერ ეშველა...“ - პროკურორის თქმით, დააკავეს პირი, რომელმაც ორთაჭალაში 20 წლის მეგობარი სასტიკად მოკლა

პროკურორის განცხადებით, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა.
მისივე განმარტებით, ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. რაც შეეხება, ინტერპოლით ძებნილ მეორე ბრალდებულს, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
"გიორგი პაპაშვილი დაკავებულია რუსეთის ფედერაციაში კონკრეტულად ინტერპოლის მიერ. ეს პროცესი ზოგადად დახურულია, შესაბამისად, დეტალებს ვერ შევეხები. ამ ეტაპზე მის მიმართ ექსტრადიციის საკითხია დაწყებული და სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ხდება.
როგორც გიორგი პაპაშვილის, ასევე მეორე ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, ამ ეტაპზე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ვიცით, რომ საქართველოდან თურქეთში გადავიდა" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე მოცულობითია და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისა და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი გიორგი პაპაშვილის სახლში ბრალდებულის დედამ 2 დღის შემდეგ იპოვა.
პაპაშვილს პროკურატურა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება. დანარჩენებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვთ წარდგენილი. დაკავებულები არიან: ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებენ.
ფაქტის გახმაურებამდე, გიორგი პაპაშვილმა და ბაირამ ალი გუსეინოვმა ქვეყნის დატოვა მოახერხეს.
5-დან 4 პირს, ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, 1-ს გიორგი პაპაშვილს კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.