რუსეთმა და აშშ-მა სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს

შეხვედრა

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის ექვსი საათი გრძელდებოდა. მხარეებმა რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა კომენტარების გარეშე დატოვეს.

სავარაუდოდ, ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ მედიისთვის მოგვიანებით გავრცელდება.

რუსულ მხარეს აშშ-ში ახალდანიშნული ელჩი ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ამერიკულ მხარეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა ქოულტერი წარმოადგენდა.

ცნობისთვის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს. შეხვედრა ექვსი საათი გრძელდებოდა.