1744565400
პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა

სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ, უკრაინაში ომის მსხვერპლები ხუთშაბათს მოინახულა — ის იმ კლინიკას ეწვია, რომელშიც დაჭრილი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა რეაბილიტაციას გადიან. ინფორმაცია პრინცის პრესსპიკერმა გაავრცელა.
პრინცი ჰარი უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქში, ლვოვში, სუპერადამიანების ცენტრს ეწვია, სადაც პაციენტებსა და პერსონალს ესაუბრა.
მას თან ახლდა Invictus Games Foundation-ის წარმომადგენლების ჯგუფი, რომელთა შორის იყო ოთხი ომის ვეტერანი, რომლებმაც უკრაინელი სამხედროების მსგავსი რეაბილიტაცია უკვე გაიარეს.
ქალაქი ლვოვი რუსეთის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება, ამიტომ პრინცის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან უკრაინა დატოვა.
პრინცმა ჰარიმ, რომელმაც ბრიტანეთის არმიაში 10 წელი იმსახურა, Invictus Games 2014 წელს დააარსა, რათა დაშავებულ ვეტერანებს შესძლებოდათ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
"სუპერადამიანების ცენტრში პრინცის ვიზიტი მიზნად ისახავდა იმ დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების გაცნობას, რომლებიც მოქმედი ომის პირობებში ქვეყანას მიეწოდება" — ვკითხულობთ პრესსპიკერის განცხადებაში.
პრინცი ჰარი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლგა რუდნევამ, 2025 წლის Invictus Games Vancouver Whistler-ის პერიოდში მიიწვია.
ვიზიტის დროს პრინცი შეხვდა პაციენტებს, ექიმებსა და უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრს, ნატალია კალმიკოვას.
კლინიკა ომის მსხვერპლებს უფასოდ სთავაზობს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რეკონსტრუქციულ ქირურგიასა და პროთეზირებას.