როგორი იყო პაპი ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო საათები - დეტალებს Vatican News-ი ავრცელებს

პაპი ფრანცისკე

Vatican News პაპი ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ დეტალებს ავრცელებს.

წმიდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალის ცნობით, 20 აპრილის შუადღეს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე წარდგომის შემდეგ, პაპმა დაისვენა, რის შემდეგაც მოკრძალებული ვახშამი ჰქონდა.

21 აპრილის გამთენიისას, დაახლოებით 5:30 საათზე პაპმა ინსულტის პირველი ნიშნები აჩვენა, რის გამოც მომვლელებმა მისი ზედამხედველობა გააძლიერეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ფრანცისკემ, გამოსამშვიდობებელი ჟესტის სახით, ხელი დაუქნია მის მომვლელს, მასიმილიანო სტრაპეტის, რომელიც ბოლო დროს პონტიფექსს 24-საათიან მზრუნველობას უწევდა.

აქედან ცოტა ხნის შემდეგ, წმინდა მართას სახლის მეორე სართულის ბინაში, ლოგინში მწოლიარე პაპი კომაში ჩავარდა.

იმ ადამიანების თქმით, რომლებმაც პაპთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარეს, ფრანცისკეს ტანჯვა არ განუცდია, ყველაფერი სწრაფად მოხდა.

"ეს ჩუმი სიკვდილი იყო, თითქმის უეცარი, დიდი ხნის ტანჯვისა და საჯარო განგაშის გარეშე, პაპისა, რომელიც ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". - წერს Vatican News.

პაპმა ფრანცისკემ ბოლო სიტყვების წარმოთქმის დროს მადლობა გადაუხადა თავის მომვლელს, რომელიც მას დაეხმარა, სიურპრიზი მოეწყო აღდგომის კვირა დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის, როდესაც ხუთკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ იგი პირველად გამოჩნდა ხალხში.

სიკვდილის წინ პაპმა მომვლელს მადლობა გადაუხადა აღდგომას წმ. პეტრეს მოედანზე მიყვანისთვის
აღდგომას წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციული Urbi et Orbi მიმართვისა და სააღდგომო კურთხევის წარმოთქმის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მოედანზე პაპმობილით მცირე ხნით გამოჩნდა.

"მადლობა, რომ მოედანზე მიმიყვანე" - უთხრა პაპმა ფრანცისკემ მასიმილიანო სტრაპეტის, რომელიც პონტიფექსს 24-საათიან მზრუნველობას უწევდა. აღნიშნული ინფორმაცია ვატიკანის ოფიციალურმა ახალი ამბების სააგენტომ 22 აპრილს გაავრცელა.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ.

გარდაცვალებამდე, გასული წლის 29 აპრილს, ფრანცისკემ თავისივე დაკრძალვის ცერემონია გაამარტივა, ხოლო ანდერძში მოითხოვა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".