რა კავშირია საკვებ ზეთებსა და კიბოს შორის - ახალი კვლევა

ზეთი

უკვე მრავალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ კიბოს განვითარების რისკზე გავლენას ახდენს ჩვენი კვების რაციონი და საკვები.

მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორია ეს კავშირი უჯრედულ და მოლეკულურ მექანიზმთა დონეზე.

ახალმა კვლევამ გამოავლინა მოლეკულური კავშირი ლინოლენის მჟავას (საჭმელ ზეთებში შემავალი ჩვეულებრივი ცხიმი) და აგრესიულ ძუძუს კიბოს შორის, რამაც განაახლა დისკუსია კვებითი არჩევანისა და კიბოს რისკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, საჭიროებს ფრთხილ ინტერპრეტაციას, რათა თავიდან ავიცილოთ არასაჭირო განგაში და საზოგადოებას გამოსადეგი სახელმძღვანელო მიეცეს.

ლინოლენის მჟავა არის ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც დიდი ოდენობით შედის სოიის, მზესუმზირისა და სიმინდის ზეთში. ვეილ-კორნელის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ამ ზეთებს შეუძლია პირდაპირ გაააქტიუროს ზრდა სამმაგად უარყოფით ძუძუს კიბოს უჯრედებში — ძუძუს კიბოს ტიპი, რომელიც ცნობილია თავის აგრესიულობითა და მკურნალობის შეზღუდული არჩევანით.

სამმაგად უარყოფით ძუძუს კიბოზე მოდის ძუძუს კიბოს შემთხვევათა 15 პროცენტი, მაგრამ ვინაიდან ძუძუს კიბო ასე გავრცელებულია, მაჩვენებელი ძალიან მაღალი გამოდის. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლინოლენის მჟავა ეკვრის ცილას, სახელად FABP5-ს, რომელიც მაღალი შემცველობით არის ამ კიბოს უჯრედებში.

ეს მიბმა აღძრავს mTORC1 გზას — უჯრედების ზრდისა და მეტაბოლიზმის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგულატორს — და როგორც პრეკლინიკურ ცდებში და ცხოველებზე კვლევებში დადგინდა, კვებავს კიბოს პროგრესს.

ახალ კვლევაში, თაგვებს, რომლებსაც ლინოლენის მჟავის მაღალი შემცველობის საკვებს აჭმევდნენ, უფრო დიდი სიმსივნეები განუვითარდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კვების რაციონი შეიძლება აძლიერებდეს კიბოს ზრდას. კავშირი აღმოჩნდა ადამიანებშიც: სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა სისხლის ნიმუშებში დაფიქსირდა ცილა FABP5-ისა და ლინოლენის მჟავის მომატებული დონე, რაც აძლიერებს ამ კავშირის ბიოლოგიურ დამაჯერებლობას.

„ეს აღმოჩენა აზუსტებს კავშირს საკვებ ცხიმებსა და კიბოს შორის, ნათელს ჰფენს, როგორ განვსაზღვროთ, რომელმა პაციენტებმა შეიძლება ნახონ ყველაზე მეტი სარგებელი კონკრეტული კვებითი რეკომენდაციებისგან“, — ამბობს კვლევის ავტორი კონ ბლენისი.

ასევე შესაძლებელია, რომ კვლევის შედეგები განივრცოს სამმაგად უარყოფით ძუძუს კიბოს მიღმაც, სხვა კიბოებზე, მაგალითად, პროსტატის კიბოზე.

ლინოლეინის მჟავა აუცილებელი ცხიმოვანი მჟავაა, ამიტომ, ის საკვებიდან უნდა მივიღოთ. წვლილი შეაქვს კანის ჯანმრთელობაში, უჯრედის მემბრანის სტრუქტურაში და ანთების რეგულირებაში. თუმცა, თანამედროვე კვების რაციონი, რომელიც მდიდარია დამუშავებული, ულტრადამუშავებული საკვებითა და თესლების ზეთებით, ხშირად ჭარბი ოდენობით ომეგა-6 ცხიმებს გვაწვდის, მათ შორის, ლინოლენის მჟავას; ამ დროს კი მწირად შეიცავენ ომეგა-3-ს, რომელიც გვხვდება თევზში, სელის თესლსა და ნიგოზში.

ამ დისბალანსმა შეიძლება ხელი შეუწყოს ქრონიკულ ანთებას, რომელიც კიბოსა და სხვა დაავადებების კარგად ცნობილი ხელშემწყობია.

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ლინოლენის მჟავა შეიძლება პირდაპირ იწვევდეს კიბოს ზრდას კონკრეტულ კონტექსტებში. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს წინა დაკვირვებით კვლევებს, რომლებმაც ვერ მიაგნეს მკაფიო კავშირს საკვებ ლინოლენის მჟავასა და ძუძუს კიბოს ზოგად რისკს შორის.

მაგალითად, 2023 წელს ჩატარდა მეტაანალიზი, რომელიც მოიცავდა ჯამში 350 000 ქალზე ჩატარებულ 14 კვლევას; ამ მეტაანალიზის დასკვნით, ლინოლენის მჟავას ფართო მოსახლეობაში მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჰქონდა ძუძუს კიბოს რისკზე.

ასეთი შეუსაბამობა წარმოაჩენს იმის მნიშვნელობას, რომ მკვლევრებმა იკვლიონ კონკრეტულად კიბოს ქვეტიპები და ინდივიდუალური ფაქტორები, მაგალითად, ცილა FABP5-ის დონე თავად კიბოებში. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პირიქით, ლინოლენის მჟავა ძუძუს კიბოსგან იცავდა, რაც წარმოაჩენს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი კონტექსტში გავითვალისწინოთ.

არ აჰყვეთ პანიკას

მედიის სათაურები ხშირად ზედმეტად ამარტივებენ რთულ კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა წარმოაჩენს ლინოლენის მჟავასა და კიბოს ზრდას შორის კავშირის შესაძლო მექანიზმს, არ ადასტურებს, რომ საჭმელი ზეთები ძუძუს კიბოს იწვევს. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ფაქტორებიც — გენეტიკა, ზოგადი კვება და გარემოებითი სტრესი.

კვლევის შედეგები არ მოგვიწოდებს თესლების ზეთებზე სრულად უარის თქმაზე, მაგრამ გვირჩევს ზომიერებას და შერჩევითობას, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ინდივიდებს. მრავალი სხვა ზეთი, მაგალითად, ზეითუნის ზეთი შეიცავს მცირე ოდენობით ლინოლენის მჟავას და დიდი ოდენობით მონოუჯერ და ნაჯერ ცხიმებს, რომლებიც ყველაზე სტაბილურებია მაღალ ტემპერატურაზე.

ჯანსაღ, დაბალანსებულ კვების რაციონში ასევე უმნიშვნელოვანესია ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც სრულყოფილად გააანალიზეს კვებითი ჩვევები 30 წლის განმავლობაში — აჩვენა, რომ ხილით, ბოსტნეულით, მთლიანი მარცვლეულითა და თხილეულით მდიდარი რაციონი, რომელშიც ასევე შედის დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები — დაკავშირებულია ჯანმრთელ სიბერესთან. 


ამ კვლევაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯგუფმა შეისწავლა 100 000-ზე მეტი ადამიანი 1986-2016 წლებს შორის. რესპონდენტთა 10 პროცენტზე ნაკლებმა ჯანმრთელად დაბერებას მიაღწია — არ ჰქონდათ 11 მთავარი ქრონიკული დაავადება და კოგნიტური, ფიზიკური ან გონებრივი ფუნქციის დაქვეითება 70 წლის ასაკში.

ორგანიზაცია კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდი ხაზს უსვამს, რომ ბოსტნეულის ზეთების ზომიერი მოხმარება უსაფრთხოა და კიბოს რისკის კვებითი მამოძრავებელია სიმსუქნე და არა კონკრეტული ცხიმები.

ახალი კვლევა კი ხაზს უსვამს კიბოს კვლევებში საკვები ცხიმების კონტექსტუალიზაციის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ სამმაგად უარყოფით ძუძუს კიბოში ლინოლენის მჟავის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ის დიდი ფაზლის მხოლოდ ერთი ნაწილია. დაბალანსებული კვების რაციონი მაინც რჩება კიბოს პრევენციის ქვაკუთხედად — სტრატეგიად, რომლის მიყოლაც ყველას შეუძლია.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა