ხვალ მაგნიტური შტორმია - რას უნდა ველოდოთ დედამიწაზე
1745439273
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით გარდაიცვალა. რომის პაპმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართა საზოგადოებას და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.
"ქრისტე აღდგა! ალილუია!
ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომას!
დღეს როგორც იქნა ეკლესიაში კვლავ ისმის "ალილუიას" გალობა, ის ბაგიდან ბაგეზე, გულიდან გულზე გადადის და ღვთის ხალხი მთელ მსოფლიოში სიხარულის ცრემლებს ღვრის.
იერუსალიმში არსებული ცარიელი სამარხიდან გვესმის მოულოდნელი სასიხარულო ამბავი: იესო, რომელიც ჯვარს აცვეს, "აღარ არის აქ, ის აღსდგა!“ (ლუკა 24:5). იესო სამარხში აღარ არის — ის ცოცხალია!
სიყვარულმა სიძულვილზე გაიმარჯვა, სინათლემ — სიბნელეზე, ჭეშმარიტებამ — სიცრუეზე. მიტევებამ შურისძიებაზე გაიმარჯვა. ბოროტება ისტორიიდან არ გამქრალა და სამყაროს დასასრულამდე იარსებებს, მაგრამ მას უკვე აღარ აქვს ძალაუფლება მათზე, ვინც ამ დღის მადლს იღებს.
ძმებო და დებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც ტკივილსა და მწუხარებას განიცდით - თქვენი ჩუმი ღაღადი შესმენილია და თქვენი ცრემლები დათვლილია, არცერთი არ დაკარგულა! იესოს ვნებითა და სიკვდილით ღმერთმა საკუთარ თავზე აიღო ამქვეყნიური ბოროტება და თავისი უსაზღვრო წყალობით დაამარცხა იგი.
მან გაანადგურა ის ეშმაკისეული სიამაყე, რომელიც წამლავს ადამიანურ გულს და ძალადობასა და გარყვნილებას შობს. ღვთის კრავი გამარჯვებულია! ამიტომაც, დღეს სიხარულით შეგვიძლია შევძახოთ: "ქრისტე, ჩემი იმედი, აღდგა!"
იესოს აღდგომა ჩვენი იმედის საფუძველია. ამ მოვლენის ნათელით, იმედი აღარ არის ილუზია. ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს წყალობით იმედი აღარ გვიცრუვდება! Spes non confundit! ეს იმედი არ არის თავის არიდება, ეს გამოწვევაა, ის არ გვატყუებს, ის გვაძლიერებს.
ყველა, ვინც იმედს ღმერთზე ამყარებს, საკუთარ უძლურ ხელს მის ძლიერ და მტკიცე ხელს მიაბარებს, ამაღლდება და საკუთარ გზას გაუდგება. მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან ერთად, ისინი იმედის პილიგრიმები, სიყვარულისა და სიცოცხლის უიარაღო ძალის გამარჯვების მოწმენი ხდებიან.
ქრისტე აღდგა! ამ სიტყვებში მთელი ჩვენი არსებობის აზრია მოქცეული. ჩვენ არა სიკვდილისთვის, არამედ სიცოცხლისთვის შევიქმენით. აღდგომა სიცოცხლის ზეიმია! ღმერთმა სიცოცხლისთვის შეგვქმნა და სურს, რომ კაცობრიობა კვლავ აღსდგეს!
მის თვალში ყოველი სიცოცხლე ძვირფასია. მუცლადმყოფი ჩვილის სიცოცხლე, ისევე როგორც მოხუცებისა და ავადმყოფებისა, რომლებიც სულ უფრო მეტ ქვეყანაში უარყოფის მსხვერპლნი ხდებიან.
სიკვდილისა და მკვლელობის რაოდენ წყურვილს ვხედავთ ყოველდღიურად უამრავ ომში, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს. რამდენ ძალადობას ვხედავთ, ზოგჯერ ოჯახებს შიგნითაც კი, ქალებისა და ბავშვების მიმართ. რაოდენი სიძულვილი არსებობს დაუცველთა, გარიყულთა და მიგრანტთა მიმართ.
ამ დღეს მინდა, რომ ყველა ჩვენგანში კვლავ გაჩნდეს იმედი და ნდობა ერთმანეთის მიმართ. მათ მიმართაც, ვინც ჩვენგან განსხვავებულია, ვინც უცხო მხარეებიდან მოდის და უცხო ტრადიციები, ცხოვრების წესები და იდეები მოაქვს, რადგან ყველანი ღმერთის შვილები ვართ!
მსურს, განვაახლოთ ჩვენი იმედი, რომ მშვიდობა შესაძლებელია! წმინდა საფლავიდან, აღდგომის ეკლესიიდან, სადაც წელს აღდგომა კათოლიკეებმა და მართლმადიდებლებმა ერთად იზეიმეს.
დაე, მშვიდობის ნათელმა გაანათოს წმინდა მიწა და მთელი მსოფლიო. გამოვხატავ ჩემ თანაგრძნობას პალესტინასა და ისრაელში ქრისტიანების ტანჯვისადმი, ისევე როგორც მთელი ისრაელისა და პალესტინის მოსახლეობის მიმართ.
შეშფოთებას იწვევს ანტისემიტიზმის ზრდა მთელ მსოფლიოში. ამავდროულად ვფიქრობ ღაზას მოსახლეობაზე და განსაკუთრებით იქ მცხოვრებ ქრისტიან თემზე, სადაც სასტიკმა კონფლიქტმა სიკვდილი, ნგრევა და შემზარავი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.
მოვუწოდებ მხარეებს: გამოაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა, გაათავისუფლეთ ტყვეები და დაეხმარეთ შიმშილით გატანჯულ ხალხს, რომელსაც მშვიდობიანი მომავალი სწყურია!
ვილოცოთ ლიბანსა და სირიაში მცხოვრები ქრისტიანული საზოგადოებებისთვის, რომლებიც ამჟამად ისტორიის რთულ და გარდამავალ ეტაპს გადიან. მათ სურთ სტაბილურობა და თავიანთი ქვეყნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. მოვუწოდებ მთელ ეკლესიას, გულში და ლოცვაში მუდამ ახსოვდეს ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები.
განსაკუთრებით ვდარდობ იემენის მოსახლეობაზეც, რომელიც ომის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი უმძიმესი და ხანგრძლივი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ყველას მოვუწოდებ, რომ კონსტრუქციული დიალოგის გზით ეძებონ ამ პრობლემის გამოსავალი.
დაე მოუტანოს აღმდგარმა ქრისტემ ომით განადგურებულ უკრაინას მშვიდობა და შთააგონოს ყველა მხარეს, რომ განაგრძონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევა.
ამ ბრწყინვალე დღეს გავიხსენოთ სამხრეთ კავკასია და ვილოცოთ იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მალე გაფორმდეს და შესრულდეს საბოლოო სამშვიდობო, რაც გზას გაუხსნის რეგიონში დიდი ხნის ნანატრ შერიგებას.
დაე, აღდგომის ნათელმა გააძლიეროს დასავლეთ ბალკანეთში ჰარმონიისა და სიმშვიდის ხელშეწყობა. დაე, გააძლიეროს მან პოლიტიკური ლიდერები დაძაბულობისა და კრიზისების შემსუბუქების მცდელობების დროს. დაე, მათ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მოქმედებებზე სრულიად თქვან უარი.
დაე, აღდგომილმა ქრისტემ, ჩვენმა იმედმა, მშვიდობა და ნუგეში მოუტანოს აფრიკელ ხალხს, რომლებიც ძალადობისა და კონფლიქტების მსხვერპლნი არიან, განსაკუთრებით კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და სამხრეთ სუდანში. დაე, ძალა მისცეს მან ყველას, ვინც საჰელის ზონაში იტანჯება დაძაბულობით, აფრიკის რქასა და დიდი ტბების რეგიონში, ისევე როგორც იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ბევრ ადგილას არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი რწმენა.
მშვიდობა ვერ იარსებებს რელიგიური თავისუფლების, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისა და სხვისი შეხედულებების პატივისცემის გარეშე.
მშვიდობა ასევე შეუძლებელია ნამდვილი განიარაღების გარეშე! იმის აუცილებლობა, რომ თითოეულმა ერმა საკუთარ თავდაცვაზე იზრუნოს, არ უნდა გადაიზარდოს შეიარაღებით შეჯიბრებაში. აღდგომის ნათელი მოგვიწოდებს, დავანგრიოთ განხეთქილების კერები, რომლებიც სერიოზული ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგების გამომწვევია. ეს ნათელი მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავაძლიეროთ ურთიერთსოლიდარობა და ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის სრულფასოვან განვითარებაზე.
ამ რთულ პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ მიანმარის ხალხი, რომელიც წლებია ჩაფლულია შეიარაღებულ კონფლიქტში და ამავე დროს, სიმამაცითა და მოთმინებით უმკლავდება საგაინგის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს, სტიქიას, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და უდიდესი ტკივილი მოუტანა გადარჩენილებს, მათ შორის ობლებსა და ხანდაზმულებს. ვლოცულობთ დაღუპულებისთვის და მათი საყვარელი ადამიანებისათვის და გულწრფელად ვუხდით მადლობას ყველა გულმოწყალე მოხალისეს, ვინც დამხმარე ოპერაციებში იღებს მონაწილეობას.
მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ დაემორჩილონ შიშის ლოგიკას, რომელიც მხოლოდ იზოლაციას იწვევს, არამედ გამოიყენონ არსებული რესურსები გაჭირვებულთა დასახმარებლად, შიმშილთან საბრძოლველად და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშესაწყობად.
ეს არის მშვიდობის "იარაღი", რომელიც განადგურების ნაცვლად აშენებს მომავალს.
დაე, ჰუმანურობის პრინციპი მუდამ იყოს ჩვენი ყოველდღიური ქმედებების თანმდევი. მაშინ, როდესაც კონფლიქტები უმწეო მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს და მიზანში იღებს სკოლებს, საავადმყოფოებსა და ჰუმანიტარული დახმარების მომწოდებლებს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ დარტყმის ქვეშ ობიექტები კი არა, ადამიანები არიან, თითოეული მათგანი არის პიროვნება, რომელსაც აქვს სული და ადამიანური ღირსება.
ამ იუბილეს დაე გახდეს აღდგომა ღირსეული მიზეზი ომის ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვისაც!", — პაპ ფრანცისკეს სააღდგომო მიმართვას ტაბულა ავრცელებს.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, 21 აპრილს გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. მათი ცნობით, პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა.
ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.