„ამას გადავწყვეტ, როდესაც ვისაუბრებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად“ - გიორგი ვაშაძე მისთვის შეფარდებული 50 000 ლარიანი გირაოს გადახდაზე

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელს და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ მედიასთან ისაუბრა.

„ტესტი იყო ძალიან მარტივი, გაიზიარებდა თუ არა სრულფასოვნად ე.წ. პროკურატურის პოზიციას ე.წ. სასამართლო. თქვენი აზრით, რა მოხდა, რა თქმა უნდა, გაიზიარა 100%-ით,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა გირაოს გადახდას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

„ამას უკვე გადავწყვეტ, როდესაც ვისაუბრებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. აღკვეთის ეს ღონისძიება პროკურორმა მოითხოვა, ისაუბრა მიმალვის საფრთხეზეც, შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.