1744027214
რა კავშირია ADHD-სა და დემენციას შორის - მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს

მკვლევრების გუნდმა ცოტა ხნის წინ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომისა (ADHD) და ასაკთან დაკავშირებული დემენციის მქონე ადამიანებში უცნაური მსგავსება აღმოაჩინა. კონკრეტულად, მათ ტვინში რკინის განაწილება ერთნაირი იყო. დამტკიცებულია, რომ ადამიანის ტვინში ასაკის მატებასთან ერთად რკინა უწყვეტად აკუმულირდება. ეს ხდება როგორც ნეოკორტექსში (ახალი ქერქი), ასევე იმ ნაწილში, რომელიც ქერქოვანი შრის ქვემოთ მდებარეობს.
"ზედმეტი რკინა ტვინის ზოგიერთ რეგიონში ხშირად გვხვდება და ოქსიდაციური სტრესის გაძლიერებასთან ასოცირდება. ის ნეიროდეგენერაციის პროცესს აჩქარებს", — განმარტავს ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტლების წარმომადგენელი, ფსიქიატრი პოლ უნშულდი.
ტვინის ამ რეგიონებში რკინის დიდი რაოდენობით მოხვედრისას კოგნიტიური ფუნქციონირება ფერხდება. რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების (პარკინსონი, ალცჰაიმერი) მქონე ადამიანების ტვინში რკინის მაღალი დონე აღინიშნება. ეს ამ ელემენტის მაგნიტური თვისებების გამო მაგნიტურ-რეზონანსული სკანერებით მარტივად შეინიშნება.
მკვლევართა გუნდმა სწორედ ეს ტექნიკა გამოიყენა, რათა 32 ზრდასრული ადამიანის ტვინში რკინის განაწილება შეესწავლა. მათ ADHD ჰქონდათ. შედარებისთვის 29 ჯანმრთელ ადამიანს დააკვირდნენ. გუნდმა ასევე სისხლის ნიმუშები აიღო, რათა ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვის (NfL) ცილის დონეები გაეზომა. ის მაშინ გამოიყოფა, როცა აქსონები ზიანდება ან იშლება. სისხლში NfL-ის მაღალი დონე ხშირად დაზიანებაზე მიუთითებს. ნეირონული აქსონები მეზობელ ნერვებს ინფორმაციას გადასცემს და ამ მექანიზმის მოშლა შეიძლება, დემენციის გამომწვევი იყოს.
კვლევის მონაწილეებმა ADHD-ის სიმპტომებსა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც უპასუხეს. აღმოჩნდა, რომ მის მქონე მონაწილეებს ტვინში რკინის განაწილების განსხვავებული "ნიმუში" ჰქონდათ. მაღალი დონე ქერქსა და სხვა რამდენიმე უბანში შეიმჩნეოდა. ADHD-ის მქონე პაციენტების ტვინი სხვებისგან იმდენად განსხვავებული იყო, რომ ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
მკვლევრებმა ქერქში რკინის დონეების მატებასა და პაციენტების სისხლში NfL-ის დონეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირი გამოავლინეს. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ ტვინში რკინის დაგროვების პროცესი ამ რეგიონში კომუნიკაციის გაწყვეტას იწვევს. ასე სხეულზე კონტროლი იკარგება.
ADHD-ის მქონე მონაწილეთაგან 19 წამლებს სამკურნალოდ რეგულარულად იღებდა. ზოგი მეცნიერი ეჭვობს, რომ ფსიქოსტიმულატორი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, შესაძლოა, ADHD-ისა და დემენციის კავშირის მიზეზი იყოს. ცნობილია, რომ ნარკოტიკები, როგორიცაა MDMA და კოკაინი, ტვინში რკინის დონეს ზრდის. სხვა კვლევებში გამოიკვეთა, რომ ADHD-ის წამლები შეიძლება, ტვინში რკინის დონეს არეგულირებდეს. სამწუხაროდ, ეს კონკრეტული კვლევა არაა საკმარისი იმისთვის, რომ დასკვნა გაკეთდეს — არის თუ არა ADHD-ის სამკურნალო წამლები ამ კავშირის გამომწვევი.
მეცნიერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს აღმოჩენები ADHD-ის მქონე ადამიანებისთვის დემენციის რისკის შემცირებას ხელს შეუწყობს.
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრების წესსა და ტვინში რკინის დონეებს შორის კავშირი ვიცით", — ამბობსმკვლევარი — "ამის მისაღწევად დამატებითი გრძელვადიანი კვლევებია საჭირო, რათა განისაზღვროს, ტვინში რკინის დონეების შემცირება პოტენციური მკურნალობის გზა არის თუ არა. ასე ADHD-ის მქონე პირებში დემენციის თავიდან აცილებას შევძლებთ".