ქალს, რომელმაც ნიანგს პირიდან ტყუპისცალი და გამოგლიჯა, ჩარლზ III მედალს მამაცობისთვს გადასცემს

ტყუპი

ბერკშირელ ჯორჯია ლორის, რომელმაც ტყუპისცალი და, მელისა ნიანგს პირიდან გამოგლიჯა, ჩარლზ III მედალს მამაცობისთვს გადასცემს - ამის შესახებ Daily Mail წერს.

2021 წლის მაისის ბოლოს გოგონები მექსიკაში, პუერტო ესკონდიდოს მახლობლად, ლაგუნაში ბანაობდნენ, როცა წყალში ნიანგი შენიშნეს. დებმა სასწრაფოდ ნაპირისკენ გაცურეს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ მელისა ნიანგის პირში აღმოჩნდა. სანამ ნიანგი მელისას დახრჩობას ცდილობდა, ჯორჯია დის გადასარჩენად ნიანგს შიშველი ხელებით შეებრძოლა. ის მტაცებელს კბენდა და მუშტებს ურტყამდა და საბოლოოდ, და პირიდან გამოგლიჯა.

ჯორჯიამ მედალზე წარდგენას დიდი პატივი უწოდა და განაცხადა, რომ მელისა მასზე ბევრად მამაცია. „ის ისეთი ძლიერი იყო, რომ მეც ძალა მომცა, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა“, - აღნიშნა ჯორჯიამ.

ნიანგის თავდასხმის შემდეგ მელისამ ისეთი ჭრილობები მიიღო, რომ ექიმებმა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ყველას გასაოცრად გოგონა სწრაფად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. დღეს ნიანგის ნაკბენის კვალი ორივე დას ეტყობა. გოგონები ფიზიკურად თითქმის გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა ჯერ ისევ ეტყობათ.