მალდივების საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მოჰამედ მუიზუს პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს

მოჰამედ მუიზუ

მალდივების საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მოჰამედ მუიზუს პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მოქმედი პრეზიდენტის პარტია ჩინეთის მხარდაჭერია.

წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ სახალხო ეროვნულმა კონგრესმა 93-მანდატიან პარლამენტში 66 ადგილი მოიპოვა.

ადგილობრივი მედიის შეფასებით, ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს.

მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ პარლამენტში 15 ადგილი მოიპოვა.

მოჰამედ მიუზუ ხელისუფლებაში გასული წლის ბოლოს მოვიდა. მისი კამპანია ორიენტირებული იყო ქვეყნის „ინდოეთი უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის დასრულებაზე. მალდივების პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მალდივებზე განთავსებულ ინდოეთის ჯარებს უკან გააბრუნებს, რათა ინდოეთის გავლენა შეამციროს.