1733169705
მაისის შუა რიცხვებიდან საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, თუმცა არმაგედონი არ მოხდება - კირილ ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის პროგნოზით, უკრაინას მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდში რთული ვითარება ელოდება, თუმცა არა კატასტროფული. ამის შესახებ მან „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გველდოება, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება უახლოეს პერიოდში. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის კატასტოფული არ არის. არმაგედონი არ მოხდება, როგორც ბევრი ახლა იწყებს საუბარს. თუმცა მაისის შუა რიცხვებიდან პრობლემები იქნება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
კირილ ბუდანოვის თქმით, მისი პროგნოზი ეხება მთელ უკრაინას და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. როგორც მან აღნიშნა, რუსები გამოიყენებენ „კომპლექსურ მიდგომას“.
„ისინი კომპლექსურ ოპერაციას ატარებენ. ამაზე თქვენთან დიდ ხანს არ ვისაუბრებთ, თუმცა ეს იქნება მძიმე პერიოდი. მაისის შუა რიცხვები, ივნისის დასაწყისი“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.