განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
კონგოში უცნობმა დაავადებამ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ავადმყოფობა სამი ბავშვისგან გავრცელდა, რომელთაც იგი ღამურას შეჭმის შედეგად შეხვდათ. განცხადება ორშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO), კერძოდ აფრიკის ბიურომ, გაავრცელა.
შემთხვევათა უმრავლესობაში სიკვდილი სიმპტომების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში დადგა. სიმპტომები, თავის მხრივ, ცხელებას, ღებინებასა და შინაგან სისხლდენას მოიცავს.
ჰემორაგიული ციებ-ცხელების მსგავსი სიმპტომები ხშირად ჩვენთვის კარგად ნაცნობ მომაკვდინებელ ვირუსებს ახასიათებს, რომელთა შორისაა: ებოლა, ტროპიკული ციება, მარბურგი და ყვითელი ცხელება. ექსპერტებმა ანალიზების საფუძველზე ეს ვირუსები უკვე გამორიცხეს.
WHO-ს მიხედვით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის აფეთქება 2025 წლის 21 იანვარს დაიწყო; ამ დრომდე ინფიცირების 419 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 53 კი ფატალურად დასრულდა. ვირუსის აქტიური გავრცელება სოფელ ბოლოკოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სამმა ბავშვმა ღამურა შეჭამა; ისინი აქედან 48 საათის განმავლობაში დაიხოცნენ.
ექსპერტები რახანია ღელავენ იმაზე, რომ გარეული ცხოველების ჭამით, შესაძლოა, ადამიანებზე სხვადასხვა დაავადება გადმოვიდეს; ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი ადგილებისთვის, სადაც გარეულ ცხოველებს ხშირად მიირთმევენ. WHO-ს 2022 წლის მოხსენების მიხედვით, აფრიკაში დაავადებათა აფეთქების სიხშირე ბოლო ათწლეულში მინიმუმ 60%-ით არის გაზრდილი.
უცნობი ვირუსის გავრცელება ბოლოკოს შემდეგ სოფელ ბომატში დაიწყო 9 თებერვალს. 13 ადამიანისგან აღებული ნიმუშები ამ დროს ბიოსამედიცინო კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში (კონგო, კინშასა) გაგზავნეს შესამოწმებლად. ჰემორაგიულ ციებ-ცხელებასთან დაკავშირებული დაავადებები ტესტით არც ერთხელ არ დადასტურდა, თუმცა ზოგიერთ ნიმუშში მალარიის არსებობა გამოვლინდა.
ცნობისთვის, გასულ წელს კონგოში ხალხი სხვა უცნობმა ვირუსმაციმსხვერპლა. გამოვლინებით იგი გრიპს წააგავდა, საბოლოოდ კი ივარაუდეს, რომ იგი მალარია უნდა ყოფილიყო.