განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
მშობლიურ ენას ადამიანი ბავშვობაში სწავლობს. ის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ პიროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა, რომელიც ოჯახთან, მეგობრებთან და ქვეყნის კულტურასთან გვაკავშირებს.
მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მშობლიური ენის დავიწყება? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყანაში ან რეგიონში გადადის საცხოვრებლად და ყოველდღიურობაში სხვა ენაზე იწყებს საუბარს.
ლინგვისტიკაში ამ მოვლენას "მშობლიური ენის დაკარგვა" ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი, გარკვეული მიზეზების გამო, თავის პირვანდელ ენას ნაკლებად იყენებს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცუდად ფლობს. ექსპერტების მოსაზრებით, მშობლიური ენის ნაწილობრივ ან თითქმის სრულად დავიწყება კონკრეტულ პირობებში შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით ეხება პატარა ბავშვებს, რომლებიც იმ ასაკში იცვლიან საცხოვრებელ გარემოს, როცა სამეტყველო ენას ჯერ კიდევ ითვისებენ.
ამ ფენომენის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ის ბავშვები არიან, რომლებიც სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ოჯახებში იზრდებიან. 2003 წლის კვლევის თანახმად, კორეაში დაბადებულ პატარებს, რომლებიც 3-დან 8 წლამდე ასაკში საფრანგეთში გაშვილდნენ, 30 წლის ასაკში კორეული ენა რიგით ფრანგებზე უკეთ არ ესმოდათ.
მიუხედავად ამისა, რაც უფრო დიდია ადამიანი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მან მშობლიური ენა დაივიწყოს. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორი, ლაურა დომინგესი განმარტავს, რომ მოზარდებსა და ზრდასრულებს ენის საფუძვლები უფრო მყარად აქვთ ათვისებული. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მთლიანად დაავიწყდეთ, მაგალითად, როგორ უნდა ააგონ წინადადებები.
კვლევები ადასტურებს, რომ სქესობრივი მომწიფების შემდეგ — გოგოებისთვის 8-13 წლის, ხოლო ბიჭებისთვის 9-14 წლის ასაკში — მშობლიური ენის დავიწყების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. საქმე ისაა, რომ მომწიფებისას და შემდეგ ტვინი ცვლილებების მიმართ ნაკლებად მოქნილი ხდება. მიუხედავად ამისა, დომინგესის თქმით, მშობლიური ენის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მაინც ლექსიკაა.
თუ ინგლისურენოვანი სტუდენტი რამდენიმე თვე ესპანეთში ცხოვრობს და იქაურ ენაზე აქტიურად საუბრობს, დაბრუნების შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ზოგიერთი ინგლისური სიტყვის გასახსენებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვები სამუდამოდ დაივიწყა— უბრალოდ, ტვინს ორ სხვადასხვა ლექსიკურ მარაგში მათ "მოსაძებნად" მეტი დრო სჭირდება. როდესაც ადამიანი მშობლიური ენის გამოყენებას უბრუნდება, ეს პროცესი ბევრად სწრაფი ხდება, ანუ შექცევადია.
რაც შეეხება გრამატიკას, მისი ცოდნა ლექსიკასთან შედარებით ნაკლებად ქვეითდება. 2023 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მშობლიურ ესპანურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს, რომლებიც 15 წელზე მეტი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ და ინგლისურს მეორე ენად იყენებდნენ, ესპანური ენის გრამატიკა არ დავიწყებიათ.
მსგავსი პრინციპი მოქმედებს მეორე ენის შემთხვევაშიც. თუ მას ადამიანი დიდხანს არ იყენებს, ბევრი რამ "ავიწყდება", მაგრამ კავშირის აღდგენისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ დიდი ნაწილი კვლავ ახსოვს. არსებობს საპირისპირო შემთხვევაც: ორენოვანი ადამიანები, რომლებსაც დემენცია აქვთ, ხშირად ენის "დაბრუნების" პროცესს გადიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი თანდათან მეორე ენის გამოყენებას წყვეტენ და, საბოლოოდ, მხოლოდ მშობლიურ ენაზე იწყებენ საუბარს.