1734018035
ჯო ბაიდენი შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის გათავისუფლებას არ განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოსტინის ჰოსპიტალიზაცია ბევრად უფრო გასაიდუმლოებული იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არც მის მოადგილეს ჰქონდა.
ლოიდ ოსტინმა, მისი ერთ კვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა ექვს იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1 იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, ჯანმრთელობის რა კონკრეტულმა პრობლემამ გამოიწვია ოსტინის ჰოსპიტალიზაცია. პენტაგონს ინფორმაციის დამალვის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.