ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა

ღაზას სექტორი

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა. როგორც „ცახალის“ მეთაურობა აცხადებს, მათი სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებია.

ვრცელდება ინფორმაცია დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, ალი გალის ლიკვიდაციის შესახებაც. მანამდე მხარეებს ეგვიპტის შუამავლობით რამდენიმე საათით ცეცხლი ჰქონდათ შეწყვეტილი.

გაერო-ს გენერალური მდივანი გმობს სამოქალაქო პირების დაღუპვას და ამბობს, რომ „ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.

გაერო ადასტურებს 15 პალესტინელის დაღუპვას, მათ შორის ათი მშვიდობიანი მოქალაქის, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს შეახსენებს უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევა მიმდინარეობდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის და აშკელონის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები უმრავლესობა გაანეიტრალა. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები არაბულ ანკლავში რაკეტის გამშვებ მოწყობილობებს ბომბავდა.

ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. დაღუპულია 21 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამიზნე ღაზაში რიგით მეორე, ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სამი მეთაური იყო.

„ნებისმიერი ტერორისტი, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს, ინანებს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.