ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები - გუტიერეში

ანტონიო გუტიერეში

ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა.

„ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო კანონით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ძალის პროპორციული გამოყენების შესახებ და სამხედრო ოპერაციისას დაიცვას სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დასაცავად“, – აღნიშნავს გუტიერეში.

მისივე თქმით, გმობს ღაზადან ისრაელში რაკეტების გაშვებას, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო კანონს და საფრთხეს უქმნის როგორც პალესტინურ, ისე ისრაელის სამოქალაქო პირებს.

გაერო-ს გენერალური მდივანი გმობს სამოქალაქო პირების დაღუპვას და ამბობს, რომ „ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.

გაერო ადასტურებს 15 პალესტინელის დაღუპვას, მათ შორის ათი მშვიდობიანი მოქალაქის, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს შეახსენებს უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევა მიმდინარეობდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის და აშკელონის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები უმრავლესობა გაანეიტრალა. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები არაბულ ანკლავში რაკეტის გამშვებ მოწყობილობებს ბომბავდა.

პალესტინური სამხედრო დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყო ისრაელის ავიაციაც. საღამოს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის შუამავლობით ისრაელს და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა.

პარალელურად, ისრაელის მთავრობა ეგვიპტისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიღებას ადასტურებს, თუმცა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აცხადებს, რომ ამჟამად ისრაელი ეგვიპტის შეთავაზებას აანალიზებს. ისრაელის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეფასდება ადგილზე არსებული ვითარებით და არა სიტყვებით.

არაბულ ანკლავში ისრაელის ორდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 64 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დროს ისრაელმა საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოსცდა საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“, რომელმაც წარმატებით გაანეიტრალა თელ ავივის რეგიონში ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა. სისტემას რაკეტებზე ზემოქმედება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს, მათ შორის საზღვარი 205-მა რაკეტამ გადალახა, 62 რაკეტა კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. სამი რაკეტა საქალაქო ზონაში ჩავარდა, დანარჩენი ცარიელ ტერიტორიებზე.