რას ჩურჩულებდნენ ჩვენი ბებიები - წაიკითხეთ „გათვალულთა გამოლოცვა“

რას ჩურჩულებდნენ ჩვენი ბებიები

დღევანდელ რეალობაში შელოცვები არცთუ ისე პოპულარულია, თუმცა ერთ დროს ძალიან აქტუალური გახლდათ. ქართულ სოფლებში, სასულიერო პირების გარდა, სპეციალურად ეძებდნენ მადლმოსილ ადამიანებს, რათა შელოცვა ეფექტური ყოფილიყო.

გათვალულთა შელოცვა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასას, თვალის ღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას;

თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერა კაცისა, შავწვერა კაცისა,

ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.

გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.

გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი.

სა მიხვალ, შე შავო კაცო?— წმინდა მთავარანგელოზმა უბრძანა.

-მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად

-არა, მამაძემასულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.

ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.

დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!

დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა-ჯვარმა გააქროს,

გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.

გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.

ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,

სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,

რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ. მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც, თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა (შელოცვილი პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ). კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგოო.

სხვა სიახლეები