ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ისრაელი

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო საათების განმავლობაში 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაბომბვის შედეგად ქალაქ რაფაში ორი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.

ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის საზღვრისპირა, ეშკოლის თემების მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის სახურავზე დაეცა.

აშკელონის საავადმყოფოში ორი დაშავებული მიიყვანეს, რომლებიც თავშესაფრებისკენ სირბილის დროს დაშავდნენ. კიდევ სამ ადამიანს კი ნერვული შფოთვა დაეწყო, რომლებიც უკვე გაწერეს.

ღაზის სექტორიდან ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა ქალქ სდეროთში სახლს მოხვდა.

ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზის სექტორში უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, ღაზისთვის მძიმე დარტყმის მიყენების მიზნით, გააფართოოს სამხედრო ოპერაცია.